03-05-2025 19:34:35 კონფლიქტები ,ევროპა ,პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოხუმში ფრენების დაწყების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს. ამის შესახებ საუბარია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის განცხადებაში.
„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, სოხუმში რეგულარული კომერციული ფრენების დაწყებას. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია“, - აცხადებს ანუარ ელ ანუნი.
მისი თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ცნობისთვის: 1 მაისიდან რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლა დაიწყო.