
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 8-11 მაისი
13/05/2025 14:25:12 კონფლიქტები
კრემლში ბადრა გუნბასა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების შემდეგ კრემლში მიიღო.
შეხვედრის მისასალმებელი ნაწილს ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, ხოლო შემდეგ საუბარი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზ ხალხს და მათ ლიდერს გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და ხაზი გაუსვა აფხაზეთის წვლილს ფაშიზმთან ბრძოლაში.
პუტინმა დაადასტურა აფხაზეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმის განვითარებაზე გამახვილდა. პუტინმა გამოთქვა მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს აფხაზეთში ტურისტული ნაკადი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება.
თავის მხრივ, ბადრა გუნბამ დადებითად შეაფასა სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობების „დინამიკური განვითარება“ და აღნიშნა, რომ აფხაზეთთან მიმართებით პუტინის მიერ გაცემული დავალებები ოპერატიულად სრულდება. ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული ყურადღება აეროპორტის ამოქმედებაზე გაამახვილა. "ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და აეროპორტის გახსნა, რომელიც 32 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეს კი, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო კავშირი აღდგენილია" - განაცხადა გუბნამ.
შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს აფხაზეთში ვიზიტით მიიწვია. „დიდი მადლობა, სიამოვნებით. მოგვიანებით თქვენთან ერთად შევთანხმდებით,“ - უპასუხა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში, ბადრა გუნბა და სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდნენ. შეხვედრა ფეხზე დგომით შედგა და არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ბადრა გუნბა: „აფხაზეთის სუვერენიტეტი არის რეალობა, რომელსაც თბილისი უნდა შეეგუოს“
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და თბილისთან შესაძლო დიალოგის პერსპექტივებზე ისაუბრა.
გუნბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და რომ „საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ რეალობას დღემდე ვერ შეეგუა“. „ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ეს არის დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველოს განცხადებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“, - დასძინა მან. მისივე თქმით, თბილისთან დიალოგი მხოლოდ არსებული რეალობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი პრიორიტეტია ყველა მეზობელთან მშვიდობიანი ცხოვრება. გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მის წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც არც ომი უნდა, არც კონფლიქტი. ეს პრიორიტეტი ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბამ დაისახა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს და ის არ შეიცვლება“, - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.
გუნბამ ასევე კომენტარი გააკეთა აფხაზეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „სიტუაცია სტაბილური გახდა“. „თუ ვინმე ვითარების დესტაბილიზაციას მოინდომებს, შეუძლია სცადოს. მაგრამ მე ამის საფუძველს ვერ ვხედავ. ახლა სხვა ამოცანებია, სხვა პირობები. ხალხი პოლიტიკითა და პოპულიზმით დაიღალა. საჭიროა მუშაობა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება“, - დასძინა გუნბამ.
სოხუმის ცენტრში მკვლელობა მოხდა
9 მაისს, სოხუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოკლული გარიკ ავიძბაა, რომელიც მანამდე იძებნებოდა როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე. იგი ასევე დაკავებული იყო ქალაქის ერთ-ერთ ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით.
დე ფაქტო პროკურატურის თანახმად, 9 მაისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარიკ ავიძბას მისამართით უცნობმა პირებმა თეთრი ფერის Toyota Alphard-ის მარკის ავტომობილიდან სულ მცირე ექვსი გასროლა განახორციელეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
აფხაზეთის პირველი ლიდერის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილზე, ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 2021 წლის 18 მაისს, საღამოს, მისი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 19 მაისს დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბათალ ფილიას დაკავების თაობაზე განაცხადა. მაშინ ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მისი თანამზრახველი გარიკ ავიძბა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქემალ არძინბას მკვლელობას უკავშირდება ასევე 2021 წლის 17 ივლისს სოხუმის ლუდის ბარში ატეხილი სროლა, რომელსაც ორი ადამიანის, რუსლან გუდალიას და ბესლან ძიბას სიცოცხლე ემსხვერპლა.
საზოგადო მოღვაწე და ოპოზიციონერი ლაშა ზუხბა სოციალურ ქსელში „Black Insider“-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალზე საქართველოსთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ინფორმაციაში ნახსენები ანონიმური წყაროს თანახმად, რუსეთი მზად არის საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების სანაცვლოდ რეგიონები „გაყიდოს“, თუმცა საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ მათ სრულ დაბრუნებაზე საუბარი არ არის.
„კრემლში მზადდება სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეიძლება ფედერალიზაცია შესთავაზონ. ამ რეფორმის ფარგლებში, ორივე რესპუბლიკა [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] საქართველოს შეუერთდება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ მაქსიმალურად ფართო ავტონომია ექნებათ, განსაკუთრებით ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ბუნებრივია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ძლიერი პოზიცია უნდა შეინარჩუნონ, რადგან ამდენი ომისა და კონფლიქტის შემდეგ თბილისისადმი პირდაპირი დაქვემდებარება შეუძლებელი იქნება. შევხედოთ, რა რეაქცია ექნება ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ეს საუკეთესო ვარიანტია, რისი შეთავაზებაც მოსკოვს შეუძლია ამ საკითხზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021