16-05-2025 11:16:33 პოლიტიკა
ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებზე "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, მისი კანდიდატურის გამოწვევის საკითხი „მზადდებოდა სადღაც თვე-ნახევრის წინ“, ხოლო მან ამის შესახებ 13 მაისს, გაიგო:
პოლოლიკაშვილის თქმით, მან დაზუსტებით ამ დრომდე არ იცის გადაწყვეტილების მიზეზი და ამის გამო ცდილობდა "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებას.
იგი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ნახსენები უკმაყოფილება მისი ფიგურისადმი უკავშირდება ჩეხეთში ყოფილ ელჩს თეა მაისურაძეს. კერძოდ, პოლოლიკაშვილის თქმით, მან მაისურაძე კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლად აიყვანა. ამან, მისი განცხადებით, ოცნებაში "ისტერიკა" გამოიწვია, რის გამოც მაისურაძემ თანამდებობა თავისი ინიციატივით დატოვა:
ზურაბ პოლოლიკაშვილი „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს განმარტებას, რაში „გაცვალეს“ მისი კანდიდატურა.
პოლოლიკაშვილს "ფორმულას" წამყვანებმა ჰკითხეს, საფუძვლიანად მიაჩნია თუ არა მოსაზრება, რომ საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ პოლოლიკაშვილის გაწვევა უკავშირდებოდეს ქვეყნიდან გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილის - "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის - „გამოვაჭრებას“.
მისი თქმით, არ სურს "ჭორაობა", მაგრამ თუ მიზეზი ეს არის "უბედურებაში ვყოფილვართ".
იგი "ქართული ოცნების" მთავრობისგან ითხოვს აუხსნან, "რა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა":
მისივე თქმით, იგი მესამე ვადით "ფაქტობრივად გახდებოდა" UNWTO–ს გენერალური მდივნი, რადგან "80 ქვეყანა უჭერდა მხარს".
იგი ასევე აცხადებს, რომ ტყუილია ირაკლი კობახიძის განცხადება მესამე ვადით თანამდებობაზე არჩევის არადემოკრატიულების შესახებ.
მისივე თქმით, "როდესაც 24 თებერვალს დაიწყო ომი უკრაინაში, 25 თებერვლის დილით დააყენა საკითხი, რომ რუსეთი ფედერაცია გაეძევებინათ UNWTO–დან".
ჟურნალისტის კითხვაზე, "იყო რაიმე თხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არ გაგეკეთებინათ?", პოლოლიკაშვილმა შემდეგი განაცხადა:
მისივე თქმით, იგი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს:
პოლოლიკაშვილის თქმით, "დაპირებები და შენაპირებები რაშიც იგი გაცვალეს, დარჩება დაპირებებად და შენაპირებებად":
ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ "პოსტზე" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა. "ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს", – წერდა გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
მისივე შეფასებით, "გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრაგეგიული ალიანსის ნაწილი იყოს".
14 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაადასტურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს:
"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.
აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს".
15 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაიმსახურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტიდან გამოწვევა.
"პასუხს უნდა იმსახურებდე იმისთვის, რომ შემდეგ მასზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უფრო მეტ განმარტებას არ გააკეთებს, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე იკავებს.
"არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ, წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. მინდა შეგახსენო, რომ ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ კი 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს კონკრეტული [პირი]. მოგწონთ ის ტერმინოლოგია, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი [იყენებს]? როგორ შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს? ამით ხომ დაამტკიცა მან, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არგამოწვევა. ეს იქნებოდა ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: "კობახიძეს 3 კვირაა ვწერ, ვურეკავ და იმალება..." - პოლოლიკაშვილის პირველი კომენტარი