მაისურაძე – პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე: "რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს"

16-05-2025 13:57:28 პოლიტიკა

ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის ფაქტს ეხმიანება.

თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს".

"ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.

ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა.

მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.

რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს", - წერს თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ "პოსტზე" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა. "ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს", – წერდა გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

მისივე შეფასებით, "გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრაგეგიული ალიანსის ნაწილი იყოს".

14 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაადასტურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს:

"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.

აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს".

15 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაიმსახურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტიდან გამოწვევა.

"პასუხს უნდა იმსახურებდე იმისთვის, რომ შემდეგ მასზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უფრო მეტ განმარტებას არ გააკეთებს, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე იკავებს.

"არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ, წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. მინდა შეგახსენო, რომ ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ კი 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს კონკრეტული [პირი]. მოგწონთ ის ტერმინოლოგია, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი [იყენებს]? როგორ შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს? ამით ხომ დაამტკიცა მან, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არგამოწვევა. ეს იქნებოდა ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისს ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებზე "ფორმულას" ეთერში ვრცლად ისაუბრა. ზურაბ პოლოლიკაშვილი „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს განმარტებას, რაში „გაცვალეს“ მისი კანდიდატურა. იგი ასევე "ქართული ოცნების" მთავრობისგან ითხოვს აუხსნან, "რა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები