
საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს
05/03/2020 14:27:03 კონფლიქტები
საქართველო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს დახმარება გაუწიოს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით არა მხოლოდ საქართველოსთვის, საერთოდ მსოფლიო მასშტაბით არის სერიოზული პრობლემა. ქართულმა მხარემ არაერთხელ გამოთქვა მზაობა, ჩვენს რეგიონებს ხელი შევუწყოთ მასთან გამკლავებაში. ეს არის არა მხოლოდ სურვილი და სიტყვები, არამედ ეს არის საქმეც“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, მან ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობების მიერ ე.წ. გადასავლელების ჩაკეტვის საკითხზეც ისაუბრა.
„ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულად იზოლირებულია და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამოქოლილია დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა პუნქტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საოკუპაციო რეჟიმმა ამჯერად ახალი კორონავირუსის გავრცელების ე.წ. საფრთხე მოიმიზეზა, თუმცა ამის გარეშეც ნახევარ წელზე მეტია, რეგიონი ფაქტობრივად დაკეტილია და ხალხი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებშია. ძალიან რთულია ამ პირობებში მოსახლეობის დახმარება. რაც შეეხება აფხაზეთის რეგიონს, მიმოსვლა აქაც ძალიან მკაცრად არის შეზღუდული, თუმცა იმედი გვაქვს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში, (ეხებათ განსაკუთრებით პაციენტებს) მოვახერხებთ, რომ მოძრაობა უზრუნველყოფილი იყოს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ოკუპირებულ რეგიოენბს დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც შესთავაზა.
ცხინვალის რეჟიმმა თბილისისკენ ყველა გადმოსასვლელი 27 თებერვალს ჩაკეტა. მოგვიანებით მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელიც სრულად ჩაიკეტა.