Accentnews.ge
კომისია გახარიასთვის დისტანციურად გამოკითხვაზე უარს განმარტავს და მას სხდომაზე გამოსაცხადებლად "გონივრული ვადას" აძლევს

კომისია გახარიასთვის დისტანციურად გამოკითხვაზე უარს განმარტავს და მას სხდომაზე გამოსაცხადებლად "გონივრული ვადას" აძლევს

23/06/2025 14:51:00 პოლიტიკა, სამართალი

"ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა, დისტანციურად გამოეკითხა ყოფილი პრემიერი, ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარია მზად არის კომისიაზე ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე დასმულ კითხვებს უპასუხოს, ოღონდ დისტანციურად, რადგან იგი ახლა საქართველოში არ იმყოფება.

„კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში“, - აღნიშნავენ გახარიას პარტიაში.

იმის მიუხედავად, რომ კომისიის სხდომაზე დისტანციურად (ონლაინ ჩართვით) გამოკითხეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, კომისია შეთანხმდა, რომ მსგავსი უფლება არ უნდა მიეცათ გიორგი გახარიასთავის.

„წმინდა ლოჯისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, არ არის გამორიცხული, რომ გაითიშოს ან ეს მოხდეს განზრახ - ამიტომ ჩვენ გვჭირდება... ჩართვა გვქონია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირი იმყოფება საპატიმროში... დღეს და წინა შემთხვევებში გამოგვიყენებია ჩართვა, როცა ადამიანი ვერ მიატოვებს სამუშაო ადგილს [დავით ბაქრაძე]... სხვა შემთხვევაში ჩართვა არ ყოფილა ანალოგიური - საქართველოში მყოფ პირს შევთავაზეთ მობრძანდიო და ის წავიდა საზღვარგარეთ და ქვეყნის გარედან დაიწყო ლაპარაკი, რომ ჩამრთეთო“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ გახარიას სხდომაზე გამოსაცხადებლად "გონივრული ვადა" უნდა მისცენ:

"მივცეთ გონივრული ვადა [კომისიაზე მოსასვლელად] და თუ ის ისევ აარიდებს თავს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას... მეტყველებს იმაზე, რომ ის უპასუხისმგებლოდ [მოიქცა], ვინც იქცევა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე, უნდა აგოს პასუხი“.

კომისიამ გახარია სხდომაზე 2 ივლისისთვის მიიწვია. ამ საკითხს კენჭი უყარეს დღევანდელ, 23 ივნისის სხდომაზე, რომელზეც გახარია უნდა გამოეკითხათ. 

ცნობისთვის: გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ერთხელ უკვე იმყოფებოდა. იგი აპრილის თვეში გამოკითხეს. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე. ის, რომ გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს, ცნობილი გახდა 16 ივნისს.

კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ ისევ დაუბრუნდა. 

14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.

ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S