
სიჭინავა: გახარია 2 ივლისსაც მზადაა, დისტანციურად ისაუბროს ჩორჩანაზე, მას უკერავენ საქმეს, რომელიც 15–წლიან პატიმრობას ითვალისწინებს
23/06/2025 15:09:00 პოლიტიკა, სამართალი
ყოფილი პრემიერი, ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას კვლავ დისტანციურად ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელი მდივანმა ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზ განაცხადა.
მისივე თქმით, "გახარიას უკერავენ საქმეს, რომელიც 15–წლიან პატიმრობას ითვალისწინებს".
„ოცნების“ რეჟიმი ჩორჩანაში ქართული მიწის მშვიდობიანი დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის მშვიდობიანი შეჩერებისთვის და სეპარატისტების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან დაცვისთვის გიორგი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15– წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რისთვისაც აუცილებლად დადგება ყველა მასში მონაწილე პირის სამართლებრივი და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი.
დღეს ცხადია, რომ სეპარატისტული რეჟიმი და „ოცნება“ ერთი და იგივე ნარატივით საუბრობს ჩორჩანაზე. როგორც ბიბილოვი აცხადებს, ჩორჩანა არის მტკივნეული ხიჭვი სეპარატისტული რეჟიმისთვის, ახლა როგორც ირკვევა, თურმე ასეა „ოცნებისთვისაც“. როგორც ჩანს ისინი დღეს ერთი და იგივე „დიფსთეითიდან" იღებენ ინსტრუქციებს.
გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს.
ე.წ. კომისიამ მისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის ჩორჩანაზე საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე.
გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს ჩორჩანას საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამავე თემაზე: კომისია გახარიასთვის დისტანციურად გამოკითხვაზე უარს განმარტავს და მას სხდომაზე გამოსაცხადებლად "გონივრული ვადას" აძლევს