თმობს თუ არა აშშ რეგიონში პოზიციებს და რას ელოდოს საქართველო?

10-03-2020 19:06:18 ანალიზი

29 თებერვალს აშშ-ისა და „თალიბანის“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის განსაჯაროებული ნაწილის (ამერიკული მედიის ცნობით, დოკუმენტი სრულად განსაჯაროებული არ არის) თანახმად, შტატები და ნატო–ს მოკავშირეები გამოთქვამენ მზაობას, მათმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ ავღანეთი 14 თვის განმავლობაში დატოვოს. აშშ–მა ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის პროცესი 11 მარტს დაიწყო. რაც შეეხება ნატო–ს მოკავშირეებს, ისინი ჯერ–ჯერობით ქვეყანაში მისიის შესრულებას განაგრძობენ.

ინფორმაციისთვის: 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ალიანსის ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია მოქმედებს. საქართველოდან მასში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. როგორც „აქცენტს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე ქართული კონტინგენტი ავღანეთს არ ტოვებს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციებს აგრძელებს.

რიგი კრიტიკოსების შეფასებით, არის მოლოდინი, რომ ავღანეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკურეაქციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამოიწვევს. რეგიონში აშშ–ის გავლენის შემცირება რუსულ გავლენას ზრდის, ეს კი, თავის მხრივ, გამოწვევაა, მათ შორის - საქართველოსთვისაც.

რა შეიძლება, მოიაზრებოდეს ვაშინგტონის გადაწყვეტილების უკან, თმობს თუ არა იგი რეგიონში პოზიციებს და რა კუთხით შეიძლება, შეეხოს ეს გადაწყვეტილება საქართველოს? - ამ კითხევებით „აქცენტმა“ ამერიკელ და ქართველ ექსპერტებსა და სამხედროებს მიმართა.

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი მეთიუ ბრაიზ ავღანეთთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ–ისთვის „სტრატეგიულ მარცხად“ აფასებს.

„ვფიქრობ, „თალიბანი“–აშშ–ის ხელშეკრულება პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაცემული დაპირების შესრულებაა. მას სურს, ავღანეთიდან ყველა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გამოიყვანოს, მიუხედავად ამ ქმედების სტრატეგიული შედეგებისა. ვფიქრობ, ეს გამოსვლა აშშ–ისთვის სტრატეგიული მარცხის ტოლფასია“.

კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი იზიარებს ბრაიზას შეფასებას ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების თაობაზე და თვლის, რომ აშშ რეგიონში პოზიციებს თმობს.

„ის, რაც ტრამპმა სირიაში გააკეთა, ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს, მაგრამ ალბათ, არა მის პირად პოლიტიკურ ინტერესს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილებებით, სირიიდან და ავღანეთიდან კონტინგენტები გაიყვანოს, იგი ამერიკელი ჯარისკაცების ქვეყანაში დაბრუნების მხარდამჭერებისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს და ხედავს აუცილებლობას, ეს 2020 წლის ნოემბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააკეთოს. დიახ, რა თქმა უნდა, აშშ–მა პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში რეგიონში უკან დაიხია, მაგრამ ეს [ჯარების გამოყვანა] არის ის, რაც ბევრ ამერიკელს სურს. ვფიქრობ, ამერიკული კონტინგენტის გამოყვანა ცუდი იდეაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში უფრო იზოლაციონისტური განწყობა არსებობს. ამერიკელი ხალხი და კონგრესის არაერთი წევრი თალიბებთან შეთანხმების მიღწევის ფაქტს მიესალმა. თუმცა ვფიქრობ, ეს გარიგება სტაბილურობას არ მოიტანს: ის, რომ თალიბების თავდასხმები გრძელდება, აჩვენებს, რომ შეთანხმება მყიფეა“, – განუცხადა „აქცენტს“ სტრონსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილ მეთაურს, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს.

„ავღანეთში 2002 წლიდან ვართ. ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, ბევრი ჯარისკაცი დავკარგეთ და ეს არ ტოვებს განწყობას, რომ ჩვენ "წარმატებულები" ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა, სადღეისოდ იქ პროგრესია. ბევრი მოკავშირის, პარტნიორისა და ავღანელების მიერ გაღებულმა ერთობლივმა მსხვერპლმა ავღანურ საზოგადოებას მისცა შანსი, დაიცვას, მართოს საკუთარი თავი და საკუთარი ხალხისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნას. თუმცა ეს არ ყოფილა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ იქ შევედით. ჩვენ ავღანეთში იმ მიზნით შევედით, რომ ქვეყნისთვის ტერორისტული ორგანიზაციები აგვერიდებინა, რომლებმაც აშშ–სა და სხვა მოკავშირეებზე თავდასხმები განახორციელეს. შევედით იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ავღანეთი არ იქნებოდა თავშესაფარი „ალ–ქაედასა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისა, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებში თავდასხმების განხორციელება სურდათ. შესაძლოა, ჩვენ მალევე, 2003 ან 2004 წლებში უნდა გამოვსულიყავით, როცა „თალიბანი“ და „ალ–ქაედა“ უკვე დამარცხებულები იყვნენ. რაც შეეხება „თალიბანი“–აშშ–ის გარიგებას, ჩემი წუხილი უკავშირდება ამ ხელშეკრულების მომავალს: რამდენად განხოციელდება იგი; რა ბედი ელის ათასობით ავღანელ ქალს, რომელთა მომავალი გაცილებით უკეთესია ეხლა, ვიდრე ადრე იყო. ვიმედოვნებ, ჩვენი გამოსვლა ხორციელდება მჭიდრო კოორდინაციითა და კონსულტაციებით ყველა ჩვენს მოკავშირესა და პარტნიორთან, რომლებიც პირველივე დღეებიდან აშშ-სთან ერთად იყვნენ ავღანეთში. იმედი მაქვს, ისტორია პატივს სცემს და დააფასებს ყველა ჩვენი ჯარისკაცის მამაც და ღირსეულ სამსახურს“, – განუცხადა „აქცენტს“ გენერალმა.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა რეგიონში რუსეთის გაძლიერებას გამოიწვევს:

„ოდესღაც ხომ უნდა დაესრულებინათ [აშშ–ს] კამპანია და დაასრულეს. ამ შემთხვევაში ავღანეთი შესაძლოა, უფრო რუსეთისთვის იყოს პრობლემატური: იქ დგას რუსეთის ჯარი და მათ მოუწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება. აშშ–მა გარკვეულწილად პასუხისმგებლობა მოიხსნა – გადაწყვიტა რა, რომ ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის გავლენა არ მცირდება, ვინაიდან ეს მხოლოდ სამხედროების ყოფნა/არყოფნით არ განისაზღვრება. გარდა ამისა, აშშ–ს რეგიონში კონტინგენტი ისედაც საკმარისად ჰყავს. როდესაც იანვარში ამერიკა–ირანის ურთიერთობები დაიძაბა, აშშ–მა რეგიონში სამხედრო წარმოდგენილობა მკვეთრად გაზარდა და მას შემდეგ აღარც შეუმცირებია: კონტინგენტი ქუვეითში, ერაყში, სირიაში ისევ დგას და ძლიერად არის წარმოდგენილი. გუშინაც იყო შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა რუსებს ჩრდილოეთ სირიაში გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ამდენად, მოსაზრებას, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა უკურეაქციას, აშშ–ის პოზიციების შესუსტებას და ამის ხარჯზე რუსების პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევს, არ ვიზიარებ“.

რაც შეეხება ავღანეთში რუსეთისთვის მოსალოდნელ პრობლემებს, ანალიტიკოსი საბჭოთა კავშირის მაგალითთან ავლებს პარალელს:

„რუსეთს ავღანეთში შეერთებული შტატების ჩანაცვლების შესაძლებლობა არ აქვს. რეალურად, სწორედ ავღანეთი იყო ის წერტილი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა – მან პრობლემასთან გამკლავება ვეღარ შეძლო. ეს შეერთებული შტატებისთვის ადვილი ასატანია, მაგრამ საბჭოთა კავშირისთვის – არა. მით უფრო რუსეთისთვის იქნება ურთულესი ავღანეთის საკუთარ თავზე აღება: ძალები მაქსიმალურად აქვს დაძაბული, უამრავ კონფლიქტშია ჩართული – ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში, დნესტრიპირეთში, კავკასიაში... ახლა სირიაზე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული. გარდა ამისა, ნავთობის ფასი დაეცა, რუბლის კურსი ჩამოიშალა. ეს უკვე მაქსიმუმია, მას მეტი ძალა არ აქვს“.

ავტორი: მარიკა ჩუბინიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები