„საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, საელჩოებს დაუკავშირდნენ გამოქვეყნებული „ცხელი ხაზის“ და არა ჩვეულებრივ ნომრებზე“

05-04-2020 15:13:48 საგარეო პოლიტიკა

"საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეები აპელირებდნენ, რომ ვერ უკავშირდებოდნენ საელჩოებს "ცხელ ხაზზე", ასეთი შემთხვევები არ დადასტურდა", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ "ცხელი ხაზის" ნომრებზე, და არა საელჩოს ჩვეულებრივ ნომრებზე.

​„იყო ასეთი ფაქტები, როდესაც მოქალაქეები აპელირებდნენ, რომ ვერ უკავშირდებოდნენ საელჩოებს "ცხელ ხაზზე", მაგრამ ასეთი შემთხვევები არ დადასტურდა. გადამოწმებული არის სათითაოდ ყველა კონკრეტული შემთხვევა. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ გამოქვეყნებული ცხელი "ხაზის ნომრებზე" და არა საელჩოს ჩვეულებრივ ნომერზე, რადგან მოგეხსენებათ, საელჩოს თანამშრომლები და დიპლომატები პრაქტიკულად საველე პირობებში მუშაობაზე არიან გადასულები. ისინი ადგილზე, სხვადასხვა მიმართულებაზე არიან გასულები, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ“,- აცხადებს კონსტანტინიდი.

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ავიარეისების ბილეთებზე ფასები გაზრდილია.

„რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც გითხარით, არის უმკაცრესი მითითება, ყველა ბილეთი, რომელიც გაიყიდება ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მისი ფასი იქნება მკაცრად და ცალსახად 199 ევრო“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

იხილეთ ასევე: საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილი ავიარეისების განრიგი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები