"გირგვლიანის შემდეგ მერაბიშვილი რა ძალამ გააჩერა კაბინეტში, ახსნა არ აქვს"
28/04/2020 20:36:05 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში მოსვლას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ლეგიტიმაცია ხალხმა უნდა მისცეს.
"აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ხალხი მანდატს მიცემს, ლეგიტიმაციას მიანიჭებს, არ მიანიჭებს, რა თქმა უნდა, ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. "ნაციონალური მოძრაობა" უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა, მიდგომებით, შეხედულებებით, განახლებული "ნაციონალური მოძრაობაა."ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ თავში იპოვა რესურსი და უნარი, რომ განახლებულიყო. ოპოზიციაში მყოფი პარტია ყალიბდება პარტიად, "ნაციონალური მოძრაობა" როცა შეიქმნა, მალევე მოვიდა ხელისუფლებაში და ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მიეტმასნა. 8 წლის განმავლობაში როცა ხარ ოპოზიციაში, იწრთობი, როგორც პარტია და ყველა ნაკლოვანებები ზედაპირზე ამოდის.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მან უნდა თქვას ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მძიმე შეცდომები იყო დაშვებული ვანო მერაბიშვილის მიერ, როცა ის იყო ხელისუფლებაში. მისთვისაც მაქვს ნათქვამი, ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ არ გადადგა გირგვლიანი მკვლელობის შემდეგ, ამას ახსნა არ აქვს და ვერ გავიგებ ვერასოდეს, რა ძალამ გააჩერა კაბინეტში,"- განაცხადა ნიკა მელიამ "რუსთაი 2"–ის ეთერში.
იხილეთ ასევე: მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე:"უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი"


