
"ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია"
01/05/2020 15:39:09 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.
"ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია. დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს. ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე. სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში. მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა", – აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის: დღევანდელ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა".
დღესვე ზახაროვას განცხადებას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა და მას "პროვოკაციული" უწოდა.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დღეს შეშფოთება საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმაც გამოთქვა:
"ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“.
თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.
ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.
რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".