Accentnews.ge
პანდემია აფრიკაში: შიშველი შამანები - კორონავირუსის წინააღმდეგ

პანდემია აფრიკაში: შიშველი შამანები - კორონავირუსის წინააღმდეგ

02/05/2020 17:32:26 მსოფლიო

აფრიკის კონტინენტს, თუ ოფიციალური მონაცემებით ვიმსჯელებთ, საერთო ფონზე COVID-19-ის პანდემია დიდწილად ჯერ არ შეჰხებია. თუმცა სპეციალისტებს უმძლავრდებათ განცდა, რომ აფრიკა, თუ ადგილობრივ ანდაზას გამოვიყენებთ, უბრალოდ "ჯერ არ გამოსულა ტყიდან". დიდი საფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ხალხებისა და თემების დიდ ნაწილს ამ დრომდე სჯერა მკურნალობის ტრადიციული მეთოდების, ამულეტების, მჩხიბავებთან ვიზიტების, შამანების რიტუალების – თან გაცილებით მეტად, ვიდრე დასავლეთის ტიპის თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების.

ამასწინათ გაიჟღერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გაფრთხილებამ იმის შესახებ, რომ სწორედ აფრიკა შეიძლება, იქცეს პანდემიის მორიგ ეპიცეტრად - და უკვე წინა კვირას კონტინენტზე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის 43%-იანი ნახტომი დაფიქსირდა. დიახ, 40 ათასზე ოდნავ მეტი დაავადებული და 1600-მდე გარდაცვლილი არაფერია აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან მომავალ მონაცემებთან შედარებით, თუმცა ეს – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფრიკის ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ.

დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის აფრიკული ცენტრის დირექტორი ჯონ ნკენგასონგი აღიარებს, რომ კონტინენტიდან მიღებული მონაცემები შეიძლება, ხელოვნურად ათჯერ და ასჯერ იყოს შემცირებული, რაც, მათ შორის, აფრიკული ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის ტესტირებისა და მონიტორინგის “ძალზე შეზღუდულ და დაძაბულ” შესაძლებლობებს უკავშირდება. იქ, სადაც გრძელდება ომები, სოციალური კონფლიქტები, უკიდეგანო სიღარიბე, სადაც სახლობს აღურიცხავი ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელიც არავის სტატისტიკურ მონაცემებში არასოდეს მოხვედრილა, ჯერ კიდევ COVID-19-ის გამოჩენამდე მოსახლეობა უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძოდა.

ამ ფონზე ე.წ. “შავი აფრიკის” სახელმწიფოებში დაწყებულია ბობოქარი საზოგადოებრივი პოლემიკა იმაზე, როგორ დაიცვან თავი საფრთხისაგან. და ათობით მილიონი ცრუმორწმუნე აფრიკელი, მკაცრი სამეცნიერო გაფრთხილებების მიუხედავად, იმედს მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულ ადგილობრივ მედიცინაზე, ჯადოქრობასა და მაგიაზე ამყარებს. ასე იქცევიან სადღეისოდ, მათ შორის, პრეზიდენტები, მეფეები და აფრიკული ტომების ბელადებიც.

მაგალითად, განასა და კოტ-დ’ივუარში მცხოვრები ხალხის – აკანების ერთ-ერთი ტომის ბელადმა რამდენიმე დღის წინ გასცა ბრძანება, “კორონავირუსის შემოტევის უკუსაგდებად” დედაქალაქში მოწყობილიყო მასობრივი მსვლელობა ასობით შიშველი ქალის მონაწილეობით. ბელადმა, რომლის სიტყვა მისმა წარმომადგენელმა გააჟღერა (დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში სამეფო ოჯახების წევრები ხალხის წინაშე სიტყვით პირადად არასოდეს გამოდიან), კორონავირუსს “ჯოჯოხეთის სული” უწოდა. მისმა წარმომადგენელმა მიწაზე ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელი დაღვარა და მსვლელობის დაწყება ბრძანა.

"აფრიკაში ორ – ხილულ და უხილავ სამყაროში ვცხოვრობთ. მხოლოდ მეფეებს აქვთ უფლება, უხილავ სამყაროში მყოფ უზენაეს ძალებს მათი და მათი ხალხის დაცვის თხოვნით მიმართონ. ახლა მეფე უბრძანებს ქალებს, რომლებიც ჩვენს მისტიურ საიდუმლოებებს ინახავენ, ჩაატარონ “აჯალუს” რიტუალი. ეს საგანგებო პროცესიაა, რომელიც სოფლის ერთი ბოლოდან მეორემდე გრძელდება. ყველა მამაკაცი და ბავშვი ამ დროს სახლებში რჩება. პროცესიის დასრულების შემდეგ ქალები სოფლის შესასვლელში ბარიკადებს აგებენ ავი სულების შესაკავებლად" – განუმარტა ბელადის წარმომადგენელმა ჟურნალისტს.

კიდევ ერთი მსგავსი რიტუალი ერთი კვირის წინ კოტ-დ’ივუარის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, სანვის სამეფოში ჩატარდა, რომელშიც 3 მლიონამდე ადამიანი სახლობს (1992 წელს აქ საპატიო ადგილობრივ ბელადად აწ გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონი გამოაცხადეს). "მე შევთხოვე უზენაეს სულს, დაიცვას ჩვენი მოსახლეობა და განდევნოს ეს ვირუსი სამეფოდან, კოტ-დ’ივუარიდან და მთელი მსოფლიოდან", – განაცხადა ოქროსფერ სამოსში გამოწყობილმა მონარქმა ამონ ნდუფუ V-მ.

ტრადიციულ აფრიკულ მეფეებსა და ადგილობრივ ბელადებს უდიდესი ავტორიტეტი აქვთ და სხვა დროს ამ ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრებოდა. თუმცა ახლა, საერთო ეროვნული კარანტინის გამო შედარებით ცოტა ხალხი შეგროვდა.

მეფის სიტყვების შემდეგ თეთრ სამოსში გამოწყობილმა მჩხიბავმა ქალებმა დაიწყეს მეფის კარის სიმბოლური “განწმენდა ავისაგან”, აფრქვევდნენ რა ალკოჰოლურ სითხეს ტრადიციული ტამტამების ხმების ფონზე. შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ სახეზე სველი მიწის წასმა დაიწყო მეფისადმი პატივისცემის ნიშნად. როგორც წესი, დასავლეთ აფრიკის ხალხებში მსგავსი რიტუალები სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად ტარდება.

კოტ-დ'ივუარში, სადაც ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1300-ზე ნაკლები შემთხვევა და ვირუსით გარდაცვლილი მხოლოდ 14 ადამიანია აღრიცხული, ტრადიციული ანიმისტი მოსახლეობის მხოლოდ 20%-ია, დანარჩენები ფორმალურად მუსლიმები ან ქრისტიანები არიან (დაახლოებით 40-40%), თუმცა რეალობაში ორივე ამ კონფესიის წარმომადგენლები ასევე ხშირად მიმართავენ ანიმისტურ რიტუალებს.

"თუ კორონავირუსი გაგიჩნდა, კაპიკი არ გაქვს და სასოწარკვეთილი ხარ, ნუ შეშინდები – უბრალოდ სვი საკუთარი შარდი და ყველაფერი კარგად იქნება" - ასეთ რჩევებს აძლევს სადღეისოდ შეშინებულ ადამიანებს ასობით ადგილობრივი მჩხიბავი თუ შამანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ქუჩის ბაზრები, რომლებიც სხვა დროსაც გადატენილია სხვადასხვა “სასწაულმოქმედი” ნახარშითა და ნაყენით, დღეს ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო უამრავ “წამალს” სთავაზობს – დაწყებული ჯინჯიბუხითა და ლიმონით, დამთავრებული იშვიათი ხეების ქერქით, "საიდუმლო ბალახით" და წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების სხეულების სხვადასხვა ნაწილებით. მთელს კონტინენტზე ბაზრებში ბოთლებში დანაწილებულ “საგანგებოდ შელოცილ შარდსაც” იპოვით.

მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რადზუელინამ ამასწინათ პირადად წარადგინა გარკვეული ახალი მცენარეული ნაზავი, რომელიც მისმა პირადმა მკურნალებმა დაამზადეს და განაცხადა, რომ ეს საშუალება შედეგს 7 დღეში იძლევა.

რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები, რომლებსაც სახელმწიფო ლიდერები აკეთებენ, ეწინააღმდეგება მედიკოსებისა და მეცნიერების გაფრთხილებებს, რომ ახალი კორონავირუსისგან ჯერ-ჯერობით არანაირი ცნობილი მკურნალობა არ არსებობს, ამდენად, უამრავ “ტრადიციულ” წამალთან მიმართებაში აუცილებელია მომატებული სიფრთხილის გამოჩენა, სკურპულოზური ანალიზი, რათა მათი ეფექტურობა თუ არა, უვნებლობა მაინც დამტკიცდეს.

მათ შორის, ვინც სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოწოდებებით გამოდის, არიან ჯანმო და აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრები. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში იმეორებენ: არ არსებობს არავითარი სამეცნიერო დასაბუთება იმისა, რომ რომელიმე მსგავს ალტერნატიულ საშუალებას COVID-19-ის პროფილაქტიკა ან განკურნება შეუძლია. მაგრამ აფრიკის ექიმბაშები, შამანები და მჩხიბავები ხალხში შიშის გავრცელების ფონზე მაინც ცდილობენ, საკუთარი “პროდუქციითა” და რიტუალებით შეავსონ სიცარიელე, რომელიც ერთი მთავარი მიზეზით იქმნება: კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობას არავითარი წვდომა არ აქვს თანამედროვე სამედიცინო მომსახურებასა და პრეპარატებზე.

“France24”-ის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთმა მჩხიბავმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიკვეხნა, რომ თავისი რეკლამაც კი აქვს განთავსებული ადგილობრივ რადიოსადგურში. "მანგოს ხის ქერქის, პაპაიას ფოთლების, ჯინჯიბუხისა და კიდევ ერთი საიდუმლო მცენარის ნარევის ორთქლის შესუნთქვა კორონავირუსს ადვილად ერევა. ყველა, ვინც ჩემთან სახლში მოდის, შინ განკურნებული ბრუნდება", – ამბობს მჩხიბავი, თუმცა განკურნებულთა რაოდენობას არ აკონკრეტებს.

კამერუნში ადგილობრივი მჩხიბავი ასევე ირწმუნება, რომ COVID-19-ის განკურნება ჩვეულებრივი ნივრისა და ჯინჯიბუხის ნაყენით ინგალაციებს შეუძლია.

ზოგიერთი ასეთი “სახალხო საშუალება” უკვე აღმოჩნდა ფატალური: რამდენიმე დღის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამი ბავშვი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დედამ ადგილობრივი მჩხიბავის მიერ რეკომენდებული “კორონავირუსისგან დამცავი ნახარში” დაალევინა.

სხვა კონტინენტების მსგავსად, აფრიკული სახელმწიფოების ლიდერებს შორისაც ბევრია ისეთი, ვისაც სადღეისოდ “კოვიდ-დისიდენტებად” მოიხსენიებენ, ანუ ისინი, ვინც ახალი ტიპის კორონავირუსისა და მისით გამოწვეული პანდემიის საშიშროების სერიოზულობას უარყოფენ. მაგალითად, ტანზანიამ ბოლო პერიოდში მთელი აღმოსავლეთ აფრიკა შეაშინა თავისი, როგორც ადგილობრივი მედია წერს, თითქმის თვითმკვლელი არსურვილით, პანდემიას რაიმე ხერხით მაინც ებრძოლოს. ქვეყნის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული გამუდმებით იმეორებს, რომ “მხოლოდ ღმერთი და არა ნიღბები დაიცავს ყველას დაავადებისგან”. ეს – მაშინ, როცა ტანზანიის თითქმის ყველა მეზობელმა მკაცრი კარანტინი და თანმდევი შემზღუდავი ზომები შემოიღო კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად.

ორიოდ კვირის წინ მიჯიკენდის (ბანტუენოვანი ხალხების ჯგუფი, სანაპირო კენიის ერთ-ერთი დომინანტი ეთნიკური ჯგუფი, ფორმალურად მუსლიმი-სუნიტები) უხუცესებმა თემის წმინდა ტყეში ტრადიციული რიტუალები ჩაატარეს და “COVID-19-ის ავი სული" დაწყევლეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ფლობენ “ტრადიციულ” წამალს კორონავირუსისგან და მტკიცებულებად “მისტიური ბალახეულობის” გამოყენება მოჰყავთ ანალოგიური სიმპტომების მქონე დაავადების სამკურნალოდ, რომელმაც რეგიონი გასული საუკუნის 50-იან წლებში მოიცვა. იმავდროულად ანალოგიურ რიტუალებს ატარებენ აღმოსავლეთ კენიის კიდევ ერთი ტომის - ნჯურინეკეს უხუცესები, ისინიც – წმინდა ტყეში.

ჯანმო-ს სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მსგავსმა რწმენებმა, თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების უარყოფამ და “ჯადოსნური” წამლების იდეით შეპყრობილობამ ამჟამინდელ პანდემიამდეც მილიონობით სიცოცხლე იმსხვერპლა აფრიკაში ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის ძალზე გაართულა ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს ისეთ ჭირთან, როგორიც შიდსია.

გარდა ამისა, ტრადიციულოი აფრიკული კულტურისთვის სრულიად უცხოა სოციალური, ანუ ფიზიკური დისტანცირება. აფრიკელები, როგორც წესი, ტკბებიან საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნითა და მჭიდრო ურთიერთობით, განსაკუთრებით – სხვადასხვა ცერემონიების დროს. ბევრი ადგილობრივი თემი და მთელი ხალხები ნამდვილ შოკს განიცდიან ხელისუფლებების მხრიდან სოციალური დისტანცირების მოთხოვნისა და მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის გამო.

სადღეისოდ აფრიკაში დაწყებულია მსგავს ვითარებაში მოსალოდნელი პროცესი – ეპიდემიაში “დამნაშავეების”, ანუ იმ პირთა ძიება, რომლებმაც დაავადების გავრცელება ვითომდა ჯადოქრობით გამოიწვიეს. მასობრივი ისტორია პირდაპირი მნიშვნელობით “კუდიანებზე ნადირობაში” იზრდება. აფრიკელების უმრავლესობას ხომ ამ დრომდე სჯერა მაგიის, იმის, რომ ყველაფერს, რაც მათ ცხოვრებაში ხდება – ავსაც და კარგსაც – მაგიური არაამქვეყნიური ძალები განაგებენ.

ცალკეული ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ასევე მთელი ჯგუფების, მაგალითად, თმაგაცვენილი მამაკაცების (მოზამბიკი) ან ალბინოსების (თითქმის მთელი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკა) დადანაშაულება ჯადოქრობაში და მათზე ნამდვილი ნადირობა მკვლელობისა და სხეულის “მაგიური ძალის მქონე” ცალკეული ნაწილების დაუფლების მიზნით – ეს საერთოდაც ძველი ისტორიაა კონტინენტის არაერთ სახელმწიფოში. ბავშვებს ადანაშაულებენ ყველა უბედურებაში, რომელიც ოჯახში ხდება და საბოლოოდ სახლიდან აგდებენ. ქუჩები ივსება უსახლკაროებით. ჯადოქრობას უკავშირებენ ასევე შიდსის გავრცელებას.

ამ საბრალოების წვალების შესახებ უამრავი წიგნი და სტატია დაიწერა, თუმცა მათი მდგომარეობა არ იცვლება. COVID-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე სიტუაცია მთლად კრიტიკული გახდა. აფრიკული ქვეყნების ქრისტიანულ ტაძრებსა და მეჩეთებშიც კი სადღეისოდ ტარდება “ჯადოქრობის გზით კორონავირუსის გამოწვევაში” დადანაშაულებული ადამიანებიდან, მათ შორის ბავშვებიდან “ბნელი ძალების განდევნის” რიტუალები. აფრიკული ქვეყნების სოფლებში ვრცელდება ჭორი, რომ “მაგების მიერ COVID-19-ით დასნებოვნებულები შესაძლოა, ზომბებად ან ალქაჯებად გადაიქცნენ, რომლებიც ღამ-ღამობით ჯანმრთელ ადამიანებს ჭამენ ან მათ სისხლს სვამენ”.

განაში, მაგალითად, უკვე მრავალი წელია, არსებობს ჯადოქრობაში დადანაშაულებულ პირთა დაცვის ასოციაცია (AFAW). ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მან შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"გვსურს, ვაცნობოთ აფრიკულ საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით – იმ რეგიონებსა და თემებს, სადაც ფართოდაა გავრცელებული ბრალდებები ჯადოქრობაში, რომ კორონავირუსის ეპიდემიას მაგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ადამიანებმა უნდა გვაცნობონ ნებისმიერი ცრუ ბრალდებების ან ავადმყოფობით გამოწვეული ზიანის მაგიისთვის მიწერის შესახებ. ადამიანები სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში რჩევისა და დახმარებისთვის სამედიცინო ცენტრებს უნდა აკითხავდნენ და არა სასულიერო პირებსა და რელიგიურ მკურნალებს, რომლებიც ავადმყოფობასთან საბრძოლველად რელიგიურ რიტუალებს, ლოცვებსა და მაგიურ მეთოდებს იყენებენ. AFAW-ს სურს, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ დაავადების გავრცელების ბოლომდე დაუდგენელი მიზეზებითა და მკურნალობის ქმედითი მეთოდების ჯერ-ჯერობით არარსებობით გამოწვეული მზარდი პანიკის გამო სადღეისოდ ზოგიერთი ოფიციალური მკურნალი და მედდებიც იწყებენ იმის მტკიცებას, რომ ყველაფრის მიზეზად ჯადოქრობა და დემონური ძალები იქცნენ. ყველას მოვუწოდებთ, კრიტიკულად მიუდგნენ მსგავს არაპროფესიონალიზმსა და არაეთიკურ სამედიცინო ქცევას".

სტატია მომზადებული https://www.svoboda.org/-ზე დაყრდნობით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S