გერმანიის ელჩი ქართველ პოლიტიკოსებს მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებს
12/05/2020 19:16:57 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, თუ საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა, „ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში აღმოჩნდება“.
"არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება, ახლა მაისის შუა რიცხვებია და საქართველოში ჯერ არ არის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ეს არჩევნები რეალურად შეიძლება, ჩატარდეს. ვფიქრობ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პრობლემა საერთაშორისო რეაქცია კი არ იქნება, არამედ საქართველო აღმოჩნდება თავისი დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ თავიდან იქნება აცილებული
მიუხედავად პანდემიისა, ძალიან კარგი მიღწევებია არჩევნებისთვის მომზადების კუთხით. საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ არჩევნების ახალი საარჩევნო კანონით, უკეთესი პირობებით ჩატარება. თუმცა, პარტიებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. მე ჯერ არ მინახავს პარტიების წინადადებები, კანდიდატები, პროგრამები, მათი შეთავაზებები, თუ რა შეიძლება, მომავალში უკეთესად გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური პარტიების ამოცანები, რომ ამაზე იფიქრონ და მოსახლეობას თავიანთი წინადადებები წარუდგინონ. მოუთმენლად ველი ამ პროცესს,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა |რუსთავი 2“–ის ეთერში.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.
იხილეთ ასევე: გერმანიის ელჩი: "პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება"


