Accentnews.ge
ჩუგოშვილი – მიქსერის ანგარიშზე: "უკვე ჩანს, რასაც უნდა ველოდოთ"

ჩუგოშვილი – მიქსერის ანგარიშზე: "უკვე ჩანს, რასაც უნდა ველოდოთ"

14/05/2020 12:52:45 საგარეო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი შინაარსიდან გამომდინარე ყველა საკითხის განხილვა, რომელიც საქართველოს შეეხება, მძაფრი იქნება.

"ევროპარლამენტში ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში, ნოემბრის შემდგომ გამწვავებული ფონი ჩააცხრო 8 მარტის შეთანხმებამ. ახლა რაც ხდება ჩვენს პოლიტიკაში და ქვეყანაში, ეს პირიქით კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, ვიდრე 8 მარტამდე იყო. მომხსენებლის ანგარიში, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც იხილება ევროპარლამენტში. ასევე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი. 3 დისკუსია იქნება მომავალი თვის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან რასაც უნდა ველოდოთ. ერთი რჩევა მექნებოდა ხელისუფლებასთან - იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან გარკვეულ ნაბიჯებს ელოდნენ და რომლებიც ახლა არიან იმედგაცრუებულები, მათ მტრებად ნუ შერაცხავთ, რადგან ეს ადამიანები არ არიან მტრები და მათ ხელში არის საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები, მათ შორის ფინანსური დახმარებები, ამიტომ მესიჯები შეცვალეთ და შეასრულეთ ის დაპირებები, რომლებსაც ყველა ელოდა თქვენგან", - განაცხადა ჩუგოშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული დოკუმენტის მიღებისთვის ემზადება, რომელშიც 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა. ამასთან, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აღძრული საქმეების გამო. სვენ მიქსერის ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 19 მაისისთვის არის დაგეგმილი.

ცნობისთვის: 2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შესძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S