ზახაროვა: “ზურაბიშვილის განცხადებას მის სინდისზე ვტოვებთ”

25-05-2020 19:52:53 პოლიტიკა

მოსკოვისა და თბილისის კონტრტერორისტული თანამშრომლობა ნატო-ს ჩართვას არ მოიაზრებდა. - ირწმუნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

«2005-2006 წ.წ. ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა მხარეების მიერ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმებათა პაკეტის ელემენტად განიხილებოდა. ამასთან, მოლაპარაკებებზე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივ და არა მრავალმხრივ კონტრტერორისტულ ურთიერთქმედებაზე”, – აცხადებს მარია ზახაროვა და ამის დასტურად ორ დოკუმენტს იხსენებს.

“საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და სალომე ზურაბიშვილის 2005 წლის 30 მაისის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ «ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი ქართული-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის ინტერესებში იქნებოდა გამოყენებული, რაც ცალკე დოკუმენტად გაფორმდებოდა». გარდა ამისა, «საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსული საჯარისო დაჯგუფების სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირებისა და გაყვანის წესების შესახებ” 2006 წლის 31 მარტის შეთანხმების მე-20 მუხლში დაფიქსირებულია შემდეგი შეთანხმება: «მხარეები უახლოეს ხანებში დაასრულებენ მუშაობას და მოამზადებენ ხელმოსაწერად შეთანხმებას ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული ცენტრის ინტერესებში». ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსულ მხარესთან ცენტრის საქმიანობაში ნატო-ს ჩართვის შესლებლობის განხილვის თაობაზე მის სინდისზე ვტოვებთ», - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ ახალი კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს.

„პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. ვიმედოვნებ, კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა Financial Times-თან საუბრისას.

იხილეთ ასევე: ანტიტერორისტული ცენტრი: რეალურად რაზე საუბრობდნენ ქართველი და რუსი დიპლომატები

"იგეგმებოდა ნატო-საქართველო- რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა, შეიძლება, ეს ფორმატი მომავალში საინტერესო იყოს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები