მოსკოვის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი: “აშშ-მა ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად უპილოტო საფრენი აპარატი დააპატენტა”

27-05-2020 12:43:33 პოლიტიკა ,მითები და რეალობა

“აშშ-ში უკვე დაპატენტებულია უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად” – ირწმუნება ოფიციალური მოსკოვი.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მტკიცებით, “გაიცა ასევე პატენტი საბრძოლო მასალაზე, რომელიც მომწამლველი ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებითაა აღჭურვილი”.

საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარში ასევე ნათქვამია, რომ “საქართველოში, რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოაგენტებისა და ინფექციების გამომწვევების გავრცელების მიზნით მწერების გამოყენების მიმართუოებით».

  • 2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის გახსნის დღიდან რუსულ მედიაში აქტიურად წარმოებდა პროპაგანდისტული კამპანია “ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე, კერძოდ საშიში ვირუსების შტამებზე მუშაობის” თაობაზე. ანალოგიური ბრალდებები არაერთგზის გაუჟღერებიათ რუსეთის ოფიციალურ პირებსაც.
  • 2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლაბორატორიას 17 ქვეყნის ექსპერტები ესტუმრნენ. მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით მუშაობს.
  • გუშინ, 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი თბილისისგან “ამ დრომდე ელის შინაარსობრივ პასუხს ნოტაზე, რომელიც შეიცავდა განაცხადს რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის ყველა კორპუსის, მათ შორის იმ სივრცეების ინსპექტირების შესახებ, სადაც ამერიკელი სპეციალისტები მუშაობენ”. განცხადებაში კვლავ “ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაზე” და საკუთრივ “ინფიცირებულ კოღოებზეცაა” საუბარი.
  • ოფიციალურ თბილისს არაერთგზის მოუწვევია რუსეთიდან სპეციალისტები და ჩინოსნები ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის გასაცნობად, - განაცხადა დღეს საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და თბილისში ამ მიზნით ამჯერად უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა მოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები