
22 მაისის მდგომარეობით, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსულ პირთაგან COVID-19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
04/06/2020 12:57:34 კონფლიქტები
22 მარტი - 22 მაისის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 233 პირი გადმოვიდა, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მისაღებად ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადმოდიოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება მნიშვნელოვნად შემცირდა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდებოდა როგორც სასწრაფო, ისე გეგმური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირთა ნაკადი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შესაბამისმა უწყებებებმა ერთობლივად შეიმუშავეს პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც ექიმები განთავსდნენ.
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უმოწმდებოდა ცხელება და ჩივილების შესაბამისად ხდებოდა მათი გადაყვანა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით, აღიჭურვა და მუშაობა დაიწყო რუხის საავადმყოფომ, რომელიც აშენდა გრძელვადიანი მიზნებისთვის, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას ემსახურება. აფხაზეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდა კონსლუტაციებს სხვადასხვა კლინიკებთან, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული თითოეული პირის სამეციდიცინო შემოწმების და საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში მოთავსების მიზნით.
ყველა ზემოაღნიშნულ პროცესში, საჭიროების შესაბამისად, აქტიურად ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მექანიზმის გამოყენება. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენებოდა პაციენტების გადმოყვანისას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით“, - ნათქვამია ანგარიშში.