მდინარაძე ოპოზიციას კანდიდატებთან დაკავშირებულ სტრატეგიას უწუნებს
04/06/2020 13:59:38 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატით წარსდგება, “ქართული ოცნება” ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია სხვა ტაქტიკით გამოვა არჩევნებზე და ოლქებში რამდენიმე კანდიდატს დააყენებს, მაშინ რამდენიმე ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტურების გამართვა იქნება საჭირო.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საერთო კანდიდატი ეყოლებათ, ამ შემთხვევაში გაიოლებას დავარქმევდი მე, რადგან პირველივე ტურში ყველანი დამარცხდებიან. თუ რამდენიმე კანდიდატი ეყოლებათ, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ამ რამდენიმე კანდიდატის და ხმების გაყოფის გამო, შესაძლებელია, რომ რამდენიმე ოლქში დაგვჭირდეს მეორე ტური. ჩვენითვის ორვე შემთხვევა იოლია, რადგან მათ დაბალი რეიტინგი აქვთ”, – განაცხადა მდინარაძემ და ზოგადად პრობლემა უწოდა იმას, რომ მისი თქმით, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს.
ცნობისთვის: ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ დაანონსებული შეთანხმება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლოა, აღარ შედგეს.
პარტია “ლელომ” საბოლოოდ დაადასტურა თავდაპირველი პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტშიც დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობას, თუმცა საგამონაკლისო წესით ოპოზიციასთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას არ გამორიცხავს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, პირველივე ტურში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილმა ბოლო დღეებში დისკუსია დაიწყო მეორე ტურში გასული ოპოზიციონერების მხარდაჭერაზე.
იხილეთ ასევე: „თუ შეთანხმება არ დგება, უნდა ვიცოდეთ, ვის გამო არ შედგა და რატომ“


