Accentnews.ge
აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი: ”პრობლემა უამრავია, რეფორმირება - აუცილებელი, მაგრამ ფული არ გვაქვს”

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი: ”პრობლემა უამრავია, რეფორმირება - აუცილებელი, მაგრამ ფული არ გვაქვს”

10/06/2020 08:58:14 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ახლადდანიშნულმა დე ფაქტო შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა ამ სტატუსში თავის პირველ ბრიფინგზე ენერგიულობა, მიზანდასახულობა, გამჭვირვალეობისა და რეფორმირებისადმი სწრაფვა გამოავლინა, თუმცა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი არ შეუქმნია: “პრობლემა უამრავია – სუბიექტურიც და ობიექტურიც, მაგრამ მათ გადასაჭრელად ფული არ გვაქვსო”.

პირველხარისხოვან ამოცანებს შორის ახალგაზრდა “მინისტრმა” მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა, ნარკობიზნესთან, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მოსახლეობის შეიარაღებასთან ბრძოლა დაასახელა, ყველაზე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად კი – “მენტალური თავისებურებები, ნორმალური საკანონმდებლო ბაზის, პენიტენციური სისტემისა და სახსრების არარსებობა”.

დე ფაქტო დეპუტატობის პერიოდში დბარმა ყველას ნარკობიზნესში ჩართულ პირთა მიმართ უმკაცრესი ზომების გატარების მომხრედ დაამახსოვრა თავი, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი “გამინისტრებიდან” ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული, ჟურნალისტებმა უკვე მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე, როდის დაინახავს საზოგადოება ამ ბრძოლის რეალურ შედეგებს. დე ფაქტო მინისტრმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ბრძოლა ფაქტობრივად, ჯერ არც კი დაწყებულა და “საბჭოური მეთოდებით მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში შედეგების უახლოეს ხანებში მიღწევას არავინ უნდა ელოდოს”:

“ნარკომოვაჭრეების სააშკარაოზე გამოსაყვანად მტკიცებულებათა სრული ბაზის შეგროვებაა აუცილებელი, რაც დროს, შესაბამის სახსრებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს, სადღეისოდ კი შსს-ს ამ კუთხით 0 შესაძლებლობა გააჩნია და ამ მხრივ თავად ნარკომოვაჭრეებთან აშკარად ვაგებთ: სანამ ჩვენ საბჭოეთის დროინდელი მეთოდებითა და შესაძლებლობებით ვაგრძელებთ მუშაობას, ხალხს დღეობით ვსვამთ ჩასაფრებაში და ა.შ., ნარკოდილერები თანამედროვეობაზე გადაეწყვნენ - შემოტანის შემდეგ ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ლოკაციებზე მალავენ და იყენებენ გეოლოკაციას მყიდველისთვის მათი ადგილმდებარეობის მისათითებლად. იმედი გვაქვს, საზღვრის გახსნის შემდეგ რუსეთის ფედერაცია ამ საკითხში დაგვეხმარება. თუ ტექნიკურ დახმარებას აღმოგვიჩენენ, დარწმუნებული ვარ, რეალურ შედეგებს მივაღწევთ».

გაირკვა, რომ დბარი სისტემის რეფორმირებას გეგმავს, თუმცა ამისთვის არარსებული ფული სჭირდება.

“იურისტები უკვე აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და უახლოეს ხანებში უნდა წარმოადგინონ რეფორმის საკუთარი ხედვა ეკონომიკურ დასაბუთებასთან ერთად. შსს-ს საკანონმდებლო ბაზის გასაძლიერებლად 14 ინიციატივაა მომზადებული და ისინი უკვე პარლამენტშიც წარვადგინეთ. თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური ნების გარდა, ეს ძალიან კონკრეტულ სახსრებსაც მოითხოვს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ გაგვაჩნია” – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

ამ კონტექსტში მან დეტალურად ისაუბრა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სუბიექტურ და ობიექტურ პრობლემებზეც. როგორც დბარმა აღნიშნა, “ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმის გამო ვერ ხერხდება, რომ ფაქტობრივად ყველა მათგანს ინვალიდობის ნაყიდი მოწმობები გააჩნია”:

«როდესაც ე.წ. კანონიერ ქურდებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს ვაკავებთ, ცხვირწინ თავის დროზე ნაყიდი ინვალიდობის მოწმობების ფრიალს გვიწყებენ. შესაბამისად, მათზე არც ადმინისტრაციული კოდექსი ვრცელდება, არც პრაქტიკულად არაფერი”.

ამას, დბარის განმარტებით, ემატება თავად მოსახლეობის დიდი ნაწილის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მიდგომაც:

“ვინც ჩავსვით, მათ დასაცავად მიტინგები გაგვიმართეს! ანუ, თავად მოსახლეობის მომზადებაც არის საჭირო. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მსგავს ხედვებზე სრულად უნდა ვთქვათ უარი”.

მოსახლეობის მენტალური თავისებურებების ილუსტრირებისთვის დე ფაქტო მინისტრმა ამასწინანდელი გახმაურებული ინციდენტი გაიხსენა სოფელ ქვემო ეშერაში პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის – ვლადისლავ არძინბას სახლის დაცხრილვასთან დაკავშირებით:

“სროლის ფატზე ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი იყო გასული, თუმცა არავინ მოგვცა ჩვენება იმის შესახებ, რა მოხდა. რამდენიმე პირი დავაკავეთ, მაგრამ მათ წინააღმდეგ საქმეების აღსაძრავად აუცილებელია მოწმეეების ჩვენებები, თვითმხილველები კი დუმან. პირველი პრეზიდენტის სახლი მუზეუმი უნდა იყოს და არა დამნაშავეების შეფარების ადგილი. ჩვენ საკუთარ თავს იმ შენობაში შესვლის უფლებაც კი ვერ მივეცით”.

ამავე კონტექსტში ახსენა დბარმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - მოსახლეობაში იარაღის დიდი რაოდენობის არსებობა. დე ფაქტო მინისტრის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთში იარაღის ტარების 2 267 ნებართვა გაიცა, რაც, მისი შეფასებით, “კატასტროფაა”:

“ნებისმიერ დაწესებულებაში რომ შეხვიდეთ, 100 კაციდან იარაღს 80-ს აღმოუჩენთ. შევისწავლეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაცემული ნებართვების ისტორიები და აღმოჩნდა, რომ მარტო 451 ერთეული იარაღი, რომელიც შსს-ს კუთვნილებაში იყო, ჯილდოდ ყოფილა გაცემული, კიდევ 220 ერთეული რიგით მოქალაქეებს დაურიგდათ. 2 267 ნებართვის გაცემა 5 წელიწადში – ეს ნამდვილი კატასტროფაა ჩვენნაირი ქვეყნისათვის! ხალხი დემონსტრაციულად ატარებს იარაღს საჯარო სივრცეში და ამას ბოლო უნდა მოეღოს. ამ მხრივ კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდება».

გარდა ამისა, დე ფაქტო მინისტრის თქმით, აღმოსაფხვრელია ამ საკითხებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ძველისძველი ძირეული პრობლემა – “ნორმალური ციხეების არარსებობა”:

“ჩვენ რომ ნორმალური ციხეები გვქონდეს, დანაშაული მინიმუმამდე შემცირდებოდა. მაგალითად, დაუშვებელია, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებისთვის ადამიანებს ერთსა და იმავე ციხეში ვსვამდეთ: ასე მსუბუქი დანაშაულის ჩამდენებიც დროთა განმავლობაში რეციდივისტებად იქცევიან, არათუ არ სწორდებიან. ამასთანავე, ჩვენი ციხე – ეს დროებითი მოთავსების იზოლატორია, რომელშიც არ არის პირობები პატიმრების გრძელვადიანი ყოფნისთვის. ამჟამად რუსეთის ფედერაციასთან ციხის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ გვინდა, ტერიტორიაზე, სადაც ციხე აშენდება, იყოს კოლონიაც და გადახურული ციხეც. ჩვენთვის საკმარისი იქნება, 500-600-კაციანი ციხე აშენდეს".

დბარს სწამს, რომ "თუ აფხაზეთში ნორმალური ციხე იარსებებს, დანაშაული მინიმუმამდე დავა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S