რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური კენჭისყრის საიტმა ფეიქ-ცვლილებები გამოაქვეყნა

10-06-2020 20:06:55 მსოფლიო

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური კენჭისყრის ოფიციალურმა საიტმა (2020og.ru) შინაარსით არაზუსტი და არარსებული ცვლილებები გამოაქვეყნა. გამოცემა "Медуза"-ს ცნობით, მთელი რიგი ცვლილების ტექსტი განსხვავდება რეალურისგან. უზუსტობების ნაწილი უკვე გამოასწორეს, მაგრამ ნაწილი საიტზე ამ დრომდე რჩება.

კერძოდ, გამოქვეყნდა ცვლილება, რომელშიც ბავშვები “რუსეთის ფედერაციის უმნიშვნელოვანეს მიღწევად” არის მოხსენიებული. მაგრამ ეს ფორმულირება, რომელიც ტექსტში სახელმწიფო სათათბიროს მიერ მეორე მოსმენამდე ფიგურირებდა, შემდგომში ამოიღეს იმ მოტივით, რომ მსგავს კონტექსტში ბავშვები “სახელმწიფოს კუთვნილებად წარმოჩინდებოდნენ” და მესამე – საბოლოო მოსმენით მიღებულ პროექტში ბავშვები “რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად” იხსენიებიან.

გარდა ამისა, საიტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა უფლება არ გაუწერიათ, დატოვეს მხოლოდ შემდეგი ფრაზა: "წესდება რუსეთის კონსტიტუციის პრიორიტეტი საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე".

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯერ ჩამოართვეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება, შემდეგ დაუბრუნეს, კიდევ მოგვიანებით კი ეს მუხლი საიტიდან საერთოდ გააქრეს.

შეცვლილი აღმოჩნდა ასევე პუნქტი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ. საიტზე ნათქვამი იყო, რომ დეპუტატი შეიძლება, გახდეს მოქალაქე, "რომელსაც უცხოეთის მოქალაქეობა არ გააჩნია", მაშინ, როვა ცვლილებებში გაწერილია "უცხო ქვეყნის მოქალაქეობა".

გარდა ამისა, საიტის პირვალნდელ ვერსიაში არ იყო ნახსენები ცვლილება საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ, რომელიც ვლადიმირ პუტინს არჩევნებში მეექვსედ მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. ამას გამოცემებმა "Ведомости" და "Медиазона" მიაქციეს ყურადღება, რის შემდეგაც “შეცდომა” გამოასწორეს.

  • კორონავირუსის პანდემიის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა 22 აპრილიდან 1 ივლისისთვის გადადეს. დისტანციური კენჭისყრა 6 დღის განმავლობაში – 25-დან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
  • რუსეთის მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ ერთ კითხვას: "მხარს უჭერთ თუ არა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებებს?". ამასთან, ცალკეული ცვლილებების მხარდაჭერა შეუძლებელია – ისინი ერთ პაკეტად განიხილება.

იხილეთ ასევე: რუსეთში საარჩევნო კომისიები საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პერიოდში მუშაობაზე უარს აცხადებენ