1 ივლისის კენჭისყრამდე რუსეთის მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების არსს პირადად პუტინი განუმარტავს

11-06-2020 14:47:03 მსოფლიო

1 ივლისისთვის დანიშნულ საყოველთაო კენჭისყრამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში რუსეთის მოსახლეობას კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების არსს პირადად პრეზიდენტი პუტინი განუმარტავს. ამის შესახებ გამოცემა "Ведомости" პრეზიდენტის ამიდნისტრაციაში ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ინფორმაციით, პუტინი ამ მიზნით საზოგადო მოღვაწეებთან ორ სპეციალურ თათბირს გამართავს, მიმართავს ასევე ხალხს. ამასთან, მეორე თათბირი 27 ივნისისთვისაა დაგეგმილი, როცა ქვეყანაში უკვე წინასწარი კენჭისყრის პროცესი იქნება დაწყებული.

"მასზე უკეთესად ცვლილებების არსს მაინც ვერავინ განმარტავს, ისაა საზოგადოებრივი აზრის მთავარი ლიდერი", – განუმარტა გამოცემას წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პოლიტოლოგების აზრით, პუტინი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საჯარო აქტივობა 2,5 თვის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული, ახლა ამ მხრივ დანაკარგების ანაზღაურებას შეეცდება, მათ შორის – “მოსახლეობისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების არსისა და მნიშვნელობის სასწრაფოდ შეხსენების კუთხით”.

  • მთავარი საკონსტიტუციო ცვლილება საპრეზიდენტო ვადების განულებაა, რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს, 2024 და 2030 წლებში პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი. სულ კი რუსეთის კონსტიტუციაში 206 ცვლილებაა მომზადებული.
  • “ВЦИОМ”-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილეობისთვის რუსეთის მოქალაქეების 67% არის მზად, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის – 61%. კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნის ნაწილში ანალოგიური შედეგები მიიღო "Левада-центр"-მაც, თუმცა ცვლილებების მზარდაჭერის ნაწილში მისი მონაცემები განსხვავებულია: მხარდამჭერი - 44%, წინააღმდეგი – 32%, ჩამოუყალიბებელი - 24%.

იხილეთ ასევე: რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური კენჭისყრის საიტმა ფეიქ-ცვლილებები გამოაქვეყნა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები