პეტრიაშვილი – კონგრესმენების ანგარიშზე: „რაღაც შეიცვალა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება“

11-06-2020 15:08:36 პოლიტიკა ,კომენტარი

13 ამერიკელი კონგრესმენის ანგარიშს, რომელშიც ქართული მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კავშირზეა საუბარი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტრადიციულად არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა: ოპოზიციამ ანგარიში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ „განაჩენად“ შეაფასა, მმართველი გუნდი კი საზოგადოებისთვის მისი მნიშვნელობის დაკნინებას ლობისტებზე აპელირებით შეეცადა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტი რომელიმე პოლიტიკური ძალისა თუ ორაგნიზაციის ვერდიქტი არაა, არაა კანონის ძალის მქონე, თუმცა არც ისე დაბალი დონისაა, როგორც მის წარმოჩენას მმართველი გუნდი ცდილობს.

პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურად როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე თავად ბიძინა ივანიშვილიც აცნობიერებს მის მნიშვნელობას, უბრალოდ „მესიჯბოქსი“ შიდა აუდიტორიისთვის შემუშავდა.

„ეს არც კანონის ძალის მქონე დოკუმენტია, მაგრამ არც უმნიშვნელო. ეს დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ჩინეთთან, ირანთან, რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებაში, სირიაზეა საუბარი და მათ შორის არც თუ ისე სახარბიელო კამპანიაა [ივანიშვილის მიმართ]. ვიღაცას შესაძლოა, არადამაჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად არ ვისურვებდი, საქართველოს არც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის იმ შემადგენლობაში მოხვედრას, როგორიც არის მედვედჩუკი, რომელსაც ადანაშაულებენ სამხედრო კონფლიქტსა და დაქირავებული მებრძოლების მხარდაჭერაში; ენტუშევკოვი... შემდგომ კონგრესის გადასაწყვეტია, ამ რეკომენდაციიდან რომელი გაითვალისწინოს ან პირიქით. იქ [კონგრესში] არ ხდება ისე, როგორც საქართველოს პარლამენტში, რომ რაღაც დოკუმენტი მომზადდა, პრეზენტაცია გაკეთდა და შემდეგ თაროზე შემოიდო. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემდგომ განვითარებას და განხილვას კონგრესში აუცულებლად ჰპოვებს.

უშუალოდ სანქციების შემოღებამდე ჯერ კიდევ გზაა“,– განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ „პირველადაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც მმართველი ძალის ხელმძღვანელი მსგავსი ტიპის დოკუმენტშია წარმოდგენილი“.

„ენმ ხელისუფლებაში იყო, ლობისტებიც ჰყავდათ, მეგობრებიც, პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციაც ჰქონდათ, მაგრამ მსგავსი ჩანაწერი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე არც ერთ დოკუმენტში არ მოხვედრილა. ესე იგი, რაღაც შეიცვალა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება“,– ამბობს პეტრიაშვილი.

რაც შეეხება ლობისტებზე აპელირებას, საქმე ისე პრიმიტიულად არაა, როგორც მმართველი გუნდი ცდილობს წარმოჩენას:

„შეიძლება, პიარული თვალსაზრისით [ადგილობრივი აუდიტორიისთვის] ეს სწორი ტაქტიკა იყოს – „არაფერი დოკუმენტი არ არისო“... ამ დოკუმენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი აბზაცი, რომელიც საქართველო–აშშ–ის სტრატეგიულ თანამშრომლობას ეძღვნება და მართლაც აღმავალი გზით მიდის საქართველო–აშშ–ის თანამშრომლობა. ვისაც ეს აღმავლობა არ უხარია, ის საქართვლოს გულშემატკივარი არ არის. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – სწორედ ასეთი ტიპის დოკუმენტებიდან შემდგომ "გამოიდნობა" საბოლოო გადაწყვეტილებები. ამიტომ, ამას მხოლოდ ლობისტების დონეზე ნუ დაიყვანენ და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას თავად კონგრესმენებს, რადგან დოკუმენტი მათი შემუშავებულია. თუ ლობისტებმა მოახერხეს, რომ ეს წინადადება [ივანიშვილთან დაკავშირებული] დოკუმენტში მოხვდა და ივანიშვილი საკმაოდ ცუდ კამპანიაში მოყვა...რატომ არ დახარჯეს ძალისხმევა, რატომ არ აჯობეს ივანიშვილის ლობისტებმა და სახელისუფლებო მანქანამ?!“,– განაცხადა პეტრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები