ოქრუაშვილი – სანიკიძეს: „სისულელეების ლაპარაკი ქვეყანას აზიანებს“
11/06/2020 14:42:22 პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, მისი აწ უკვე ყოფილი თანაპარტიელი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი სისულელეს უწოდებს.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი განცხადება „მუცლითმეზღაპრეობას ჰგავს“ და ქვეყანას აზიანებს.
„დიდი ხანია“, ეს ბიჭი [გუბაზ სანიკიძე] ჩვენთან აღარაა და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის: გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილის საუბრებს აშშ–ის დიპლომატიური წარმომადგენლობა უსმენს. დასტურად მან 2019 წლის 20 ივნისი მოიყვანა:
„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი“.
განცხადებას აბსურდი უწოდა საქართველოში აშშ–ის ელჩმა.


