Accentnews.ge
კობახიძე – კადიროვის განცხადებაზე: „სახელმწიფოს თავისი ღირსეული, თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს“

კობახიძე – კადიროვის განცხადებაზე: „სახელმწიფოს თავისი ღირსეული, თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს“

17/06/2020 08:18:07 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უმრავლესობა პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და ნებისმიერი ნაბიჯი ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული“. ამის შესახებ კობახიძემ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მორიგი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ევალება, რომ იმოქმედოს სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმიტომ, რომ უმრავლესობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება საგარეო ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ნაბიჯი სწორედ ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული. საქმე ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებას ჰქონდა. გახსოვთ, რითი დაამთავრეს საკუთარი ქმედებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის ვგულისხმობ ტერიტორიების 20%-ის ჩაბარებას რუსეთის ფედერაციისთვის. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ - ჩვენი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შეუძლიათ გააგრძელონ იმ სპეკულაციუი განცხადებების კეთება, რასაც აკეთებენ.

დღემდე სუს-მა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას.

როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ბუნებრივია, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუს-ის და ზოგადად, ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას შეიძლება მოყოლოდა უფრო მძიმე შედეგები. ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდოს," - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ბოლო დღეებში მისი სახელის ირგვლივ საქართველოში აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებს ხისტი წერილით მიმართა:

“ახლა მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებენ ერთი შეუმდგარი ქართველი ჟურნალისტის განცხადებების ციტირებას. [გიორგი გაბუნია] ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი.⠀რეალურად, საერთოდ არ მაინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები. ისინი უხეიროდ ცდილობენ საინფორმაციო ველში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ითრევთ მორევი.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცარიელია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ოდესღაც წარმატებულად განვითაებად ქვეყნებს დღეს მართავენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრონ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.⠀

ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს, ხოლო თუ ამოცანა ჩუმად აქვს შესასრულებელი, მაშინ ამას არავინ შეიტყობს და მით უფრო თქვენი – სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები! თანაც ეგ თქვენი მოლაყბე, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად პოზიციონირებს და ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს რედაქციებიდან.⠀თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მაშასადამე პირადად მეც. როგორც ადრეც ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. მას კი რეკომენდაციას ვაძლევ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონება მოიწესრიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, იგი ჩემს მტრად დარჩება.⠀

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ირწმუნებიან, გადასცათ ინფორმაცია თავდასხმის დამკვეთის შესახებ, მინდა, ვურჩიო მას, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ ახითხითოს ხალხი. მსგავსი გზავნილები მტკიცებულებათა ბაზის დართვით მაინც ავრცელეთ. ბოლო წლებში თქვენ ისედაც მხოლოდ ჩემი სახელით თუ იპიარებთ თავს. ვერანაირად ვერ გამოგდით მუშაობა საკუთარ ხალხთან, შედეგად პერიოდულად თავს გვახსენებთ ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამმხრივც ვალი გაქვთ ჩემს წინაშე!

დრო მოვა - მოგკითხავთ. აუცილებლად!”.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

იხილეთ ასევე: ოპოზიცია ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზებისკენ მოუწოდებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S