
ზურაბ ხანგოშვილი: „პუტინის და კადიროვის სპეცსამსახურებს საქართველოში თანამზრახველები ჰყავთ“
17/06/2020 10:47:14 პოლიტიკა, სამართალი
გასულ წელს ბერლინში რუსი სპეცსამსახურების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა ზურაბი დარწმუნებულია, რომ მას, ვისაც ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა დავალებული, საქართველოში დანამზრახველი ჰყავს.
„კადიროვი და მისი ხალხი პუტინის ჯარისკაცები არიან და ისინი მისი თანხმობის გარეშე არავის შეეხებიან – არც ერთ ქვეყანაში კაცს არ მოკლავენ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კადიროვი იქნება, რუსი იქნება, ჩეჩენი, თუ ინგუში - ყველაფერი ცენტრიდან მოდის. მათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. შეკვეთა მათია და შემსრულებლად მათ გამოიყენებენ, ვისაც სამიზნეზე ხელი მიუწვდებათ. ისინი ყველანი პუტინის ჯარისკაცები არიან. გაბუნიას [ქართველი ჟურნალისტი]შემთხვევაში შემსრულებელს ადგილზეც აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში იყო. მტკიცებულებად არ გამოდგება, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ზელიმხანის თავდამსხმელებს პანკისელი ქისტი ეხმარებოდა.
ევროპაში ბევრი შემთხვევებია და ყველა მკვლელობა, თუნდაც კადიროვმა შეასრულოს, მაინც რუსების და მათი სპეცსამსახურების დაკვეთაა: ცენტრს უცხო ქვეყნებში ზედმეტი ხმაური არ აწყობს და რა თქმა უნდა, პუტინი გააკონტროლებს, რუსეთს რამე რომ არ დააბრალონ. პუტინის თანხმობა ექნებოდა, თავის მხრივ, კადიროვსაც მისთვის ალბათ საჩუქრის გაკეთება უნდოდა გაბუნიას ლიკვიდაციით“,– განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ამასთან, მან თბილისში 2015 წელს მის ძმაზე განხორციელებული თავდასხმა გაისენა და ამბობს, რომ მკვლელობის სემსრულებლები ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან:
„არასდროს დამავიწყდება ეს თავდასხმა. ჩემი ძმა ვერ დაიცვეს საქართველოში, დანაშაული არ აღკვეთეს, არც ეს საქმე გამოიძიეს... ეს ყველაფერი ძალზე საწყენია მთავრობის მხრიდან. ალბათ ჩვენ ის დონე არ ვიყავით და ეს საქმე ისე არ გახმაურდებოდა, როგორც ცნობილი ჟურნალისტის შემთხვევაში მოხდა. მკვლელობის, ან ტერაქტის შემსრულებლები ასე ადვილად რომ გადაადგილდებიან ქვეყანაში და თავიანთი ბოროტი ზრახვები მოჰყავთ, ან ვერ მოჰყავთ სისრულეში, მათთვის საქართველო თავისუფალი ზონა რომაა, ეს ჩვენი პრორუსულად განწყობილი მთავრობის ბრალია. რაც რუსეთს აწყობს, იმ დავალების შესრულებას ესენი ხელს არ შეუშლიან და ეს ზელიმხანის შემთხვევაში უკვე დამტკიცებულია. პუტინის და კადიროვის სპეცსამსახურებს თანამზრახველები ჰყავთ საქართველოში“.
იხილეთ ასევე: The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთება
შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და რუსეთის დაკავებული მოქალაქის შესახებ
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.