
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაზე საქართველოს დუმილმა გაზარდა რისკები
17/06/2020 11:03:59 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, ბერლინში რუსი სპეცსამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ქართული სახელმწიფოს დუმილმა გაზარდა რისკები, რუსეთი კიდევ უფრო თავზეხელაღებულად მოიქცეს.
„ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში მოხდა გასული წლის აგვისტოში. ეს ადამიანი ნაყოფიერად თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. 2015 წელს, თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის წინააღმდეგ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ იმ პირებს, ვინც მონაწილეობდნენ ამ მკვლელობის მცდელობაში, მისცეს საშუალება, რომ თავისუფლად დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია. შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილმა ითხოვა სახელმწიფოს თანადგომა, რაზეც უარი უთხრეს და იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. გასული წელს ის ბერლინში მოკლეს. დაკავებულია გერმანიის სამართალდამცავების მიერ რუსეთის მოქალაქე და გერმანიის ხელისუფლებამ პირდაპირ დაადო ხელი ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციას. გერმანიის ტერიტორიიდან რუსი დიპლომატებიც კი გააძევეს. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ისაუბრა თავად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გამაგონებელია, რომ ჯერაც, თითქმის ერთი წელი გავიდა, საქართველოს მოქალაქის მკვლელობიდან და სახელმწიფოს არ უთქვამს არაფერი, არათუ რაღაც ქმედითი დიპლომატიური ნაბიჯისთვის მიუმართავს, რომ რაღაც ფასი მაინც გადაეხადა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის მკვლელობებისთვის. სწორედ საქართველოს მოქალაქის ხელყოფის ირგვლივ ასეთმა ქცევამ გაზარდა რისკები, რომ კიდევ უფრო თავზეხელაღებულად მოიქცეს რუსეთის ფედერაცია“,– განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა.
ის ხანგოშვილის საქმეზე ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:
„იქიდან გამომდინარე, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ახლაც აქტუალური და მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ვიყენებ შესაძლებლობას და „ევროპული საქართველოს“ სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოხადინოს რეაგირება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით“.
იხილეთ ასევე: The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთება
შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და რუსეთის დაკავებული მოქალაქის შესახებ
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.