
“ვინც გავა, ვეღარ დაბრუნდება”: ოსური უშიშროება – ქართული უმაღლესი სასწავლებლების წინააღმდეგ
17/06/2020 12:46:27 კონფლიქტები
ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ქართულსკოლადამთავრებულები გააფრთხილეს, სწავლის გასაგრძელებლად ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაზე “არც იფიქრონ”. გასული კვირის ბოლოს დე ფაქტო უშიშროების ოფიცრებმა მოზარდები ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში შეკრიბეს და განუცხადეს, რომ “ვინც გავა, უკან ვეღარ დაბრუნდება”.
როგორც მოზარდები ყვებიან, დე ფაქტო უშიშროების წარმომადგენლებმა იკითხეს, ვინ აპირებდა წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას. პასუხები განსხვავებული იყო: ზოგმა აღიარა, რომ საბუთები უკვე შეიტანა, ზოგმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, ზოგმაც თქვა, რომ სწავლის გაგრძელებას ჯერ საერთოდ არ აპირებს.
თავის მხრივ, ოსმა ოფიცრებმა მოზარდებს დაჟინებული “რეკომენდაციით” მიმართეს, ქართულ სასწავლებლებში ჩაბარების იდეაზე უარი თქვან და ოსურის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, ან თუ გავლენ, “დაბრუნებაზე არც იფიქრონ, რადგან უკან აღარავინ შეუშვებთ”.
ამასთან, გაიჟღერა “რჩევამ”, “გაუაზრებელი ნაბიჯები არ გადადგან და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მალულად გადაკვეთაზე ფიქრსაც მოეშვან, - წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრუნების შემდეგ უცილობელი პრობლემები შეექმნებათ”. ეს განცხადება ბადებს აზრს, რომ ცხინვალის რეჟიმი აბიტურიენტებისთვის დე ფაქტო საზღვრის გახსნას არ აპირებს...
სულ ოკუპირებული რაიონის მასშტაბით ქართული სკოლა წელს 11-მა მოზარდმა დაამთავრა, მათგან შეხვედრას 9 ესწრებოდა. დე ფაქტო უშიშროების წარმომადგენლები კი, როგორც მოზარდები ყვებიან, ოთხნი იყვნენ: ერთი – ადგილობრივი განყოფილებიდან, სამი - ცხინვალიდან.
შეხვედრაზე იმყოფებოდა დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსიც. სამაგიეროდ მას არავინ დასწრებია პედაგოგებიდან და განათლების ადგილობრივი განყოფილებიდან, რომელიც იმავე შენობაში, მესამე სართულზე მოქმედებს.
ზოგადადაც, უფროსებიდან, თავად “ჩეკისტებისა” და დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის გარდა, შეხვედრაზე მხოლოდ ერთი მოზარდის დედა იმყოფებოდა, რომელიც შვილს მიჰყვა, – ბავშვებზე პასუხისმგებელი არც ერთი სხვა უფროსი მასზე არ მიუწვევიათ. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გარდა, ეს შეხვედრა სხვა არაფერს ჰგავდა.
აბიტურიენტებზე მსგავსი ზეწოლის პრაქტიკა გასულ წელს დაიწყო. მაშინ ერთადერთი მოზარდი, რომელიც თბილისში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, ოკუპირებული რაიონიდან არ გამოუშვეს. სწორედ იმ დროს ცხინვალის რეჟიმმა დე ფაქტო საზღვრის კვეთისთვის საჭირო საშვების მორიგი შეცვლა წამოიწყო. აბიტურიენტს საბუთს დიდხანს არ აძლევდნენ, ბოლოს კი მის მშობლებს პირდაპირ განუცხადეს, რომ გოგოს ქართულ მხარეს არ გადაუშვებდნენ. საპასუხოდ თბილისმა აბიტურიენტი უმაღლესში უგამოცდოდ ჩარიცხა, თუმცა 5 სექტემბერს დე ფაქტო საზღვარი ახლა უკვე “წნელისის კრიზისის” სახელით ცნობილი მოვლენების მოტივით ჩაიკეტა და საბოლოოდ მოზარდს ერთი წელი გაუცდა.
როგორც ჩანს, იგივე ელით ახალგორელ აბუტურიენტებს წელსაც. არადა, თბილისში სწავლის გაგრძელების მსურველები არა მარტო ქართულ-, არამედ რუსულსკოლადამთავრებულებს შორისაც არიან.
ქართულენოვანთა (და არა მარტო ქართველების, რადგან ქართველენოვანთა შორის აქ ეთნიკური ოსებიც არიან) დისკრიმინაციის პრაქტიკა ანატოლი ბიბილოვის “გაპრეზიდენტების” შემდეგ მნიშვნელოვნად გამწვავდა. მისი დე ფაქტო მმართველობის პირობებში ისინი ფაქტობრივად მუდმივად მოკლებულები არიან გადაადგილებისა და არჩევანის თავისუფლებას. სწორედ ბიბილოვის “გაპრეზიდენტების” შემდეგ, 2017 წელს დაიხურა ოკუპირებულ რაიონში ქართული სკოლები და დატოვეს მხოლოდ სივრცე 8-11 კლასების მოსწავლეთა სწავლის დასასრულებლად. გასული წლის იანვრიდან კი სხვადასხვა მოტივებით თითქმის მუდმივადაა ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვარი.
“ადგილობრივები ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დააყენეს: ან წასვლა, ან ცხოვრება ლენინგორის [ახალგორის – რედ.] გეტოში. სხვას ამას ვერაფერს უწოდებ, რადგან რაიონის 2008 წლიდან ცხინვალის იურისდიქციას დაქვემდებარებული აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობა აბსოლუტურად არ არის ინტეგრირებული რესპუბლიკაში. რაიონის მასშტაბითაც კი ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე არაადგილობრივებს ნიშნავენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავის ახალგაზრდობასაც კი ცხინვალი დიდად ვერაფერს სთავაზობს, მაგრამ მათ რუსეთი მაინც აძლევთ ფართო არჩევანს თავის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელია, ისწავლონ, იმუშავონ, მოიწყონ ცხოვრება. ლენინგორელებს [ახალგორელებს – რედ.] კი მსგავსი არჩევანი არ აქვთ. ისინი ქართულენოვანები არიან, ამიტომაც რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ისწავლიან, ცხინვალის სასწავლებლებში სწავლა კი აზრსაა მოკლებული რესპუბლიკაში პერსპექტივების არარსებობის გამო. მათთვის გაცილებით მარტივი და უკეთესი იქნებოდა, ცხოვრებისეული გეგმები თავის ენობრივ და კულტურულ გარემოში ესახათ, მაგრამ პრეზიდენტმა ბიბილოვმა რატომღაც გადაწყვიტა, ახალგაზრდობის ამ ნაწილს არჩევანის თავისუფლება და მომავლის იმედი წაართვას” – წერს ამასთან დაკავშირებით “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება