
რა უნდოდათ აფხაზეთში მასობრივი განადგურების იარაღზე მომუშავე რუს სამხედროებს და რას გვიმზადებს კრემლი
17/06/2020 13:30:01 კონფლიქტები
ამ დღეებში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირის” პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე ალარმისტული ხასიათის განცხადება გააკეთა, კერძოდ, ბრძანა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფმა, რომელიც აპრილში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ანექსირებული ყირიმიდან ჩავიდა, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ აფხაზეთში ბიოლოგიური იარაღი ჩაიტანა.
«ჯერ კიდევ აპრილში აფხაზეთში ყირიმიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები ჩავიდნენ ვითომდა რაღაც დეზინფექციის ჩასატარებლად. საგულისხმოა, რომ იმხანად აფხაზეთში კორონავირუსი ჯერ არ იყო გამოვლენილი, ამიტომაც მაშინ სერიოზულად დავეჭვდით, რა მიზნით ჩაიყვანეს აფხაზეთში ეს ქვედანაყოფები, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, უკან აღარ დაბრუნებულან. რას აკეთებენ ისინი იქ - არ ვიცი. როდესაც თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია წარმოებს, მათ [რუსეთს] ეს ამ ე.წ. ქვედანაყოფის საქმიანობის შესანიღბად სჭირდებათ: თავად ჩაიტანეს და განათავსეს აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდთან ბრძოლის საფარქვეშ ბიოლოგიური იარაღი», – განაცხადა გამახარიამ.
აქ ერთი უზუსტობა უნდა აღინიშნოს: ხსენებული ქვედანაყოფი ოკუპირებულ რეგიონში 17 აპრილს ჩავიდა, პირველი კოვიდ-ინფიცირებულები კი აფხაზურ კლინიკებში უკვე 7 აპრილს მოათავსეს, ანუ რუსული ქვედანაყოფის ჩასვლის დროისთვის ინფიცირების პირველი შემთხვევები იქ უკვე გამოვლენილი იყო. თუმცა საქმის არსს ეს დიდად არ ცვლის.
ბრიფინგს ესწრებოდა კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო კამპანიასთან მიმართებაში ცოტა განსხვავებული – “სადაზვერვო” ვერსია გააჟღერა:
«ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კითხვაზე, რომელიც ჩვენს სამეზობლოში ისმის, “რატომ მოახერხა საქართველომ კორონავირუსის გამოწვევაზე უკეთ რეაგირება?”, პასუხი არ გაცემულა. მათი [პროპაგანდისტული კამპანიის მწარმოებელთა – რედ.] ლოგიკით, ეს პრობლემა ვერ გადაწყდებოდა მხოლოდ პრევენციული ღონისძიებებითა და ქართველი ექიმების სწორი მოქმედებით. საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ რომ არა ლუგარის ცენტრი, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა. მაშასადამე, ლუგარის ლაბორატორიაში ხდება რაღაც, რამაც საქართველოში პანდემიის დაბალი ინტენსივობა განაპირობა და აქედან გამომდინარე, რა ხდება – საინტერესოა, - მიაჩნიათ მათ. მით უფრო, რომ ანალოგიური ლაბორატორია არსებობს მეზობელ სომხეთშიც და თქვენ იცით, რა მდგომარეობაა შექმნილი პანდემიის კუთხით ამ ქვეყანაში, არსებობს სხვა ადგილებშიც, მაგრამ იქაც ყველგან პრობლემებია, საქართველოში კი - არა. აფხაზეთში ჩასული ქიმიური შენაერთების უმნიშვნელოვანესი ამოცანა სწორედ ამ მიზეზის დადგენა იყო და არა აფხაზეთში კორონავირუსის პრევენცია. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ჯგუფი სადაზვერვო საქმიანობაზე იყო ორიენტირებული. ამიტომაც მოითხოვენ რუსები ასეთი დაჟინებით, რომ ისინი ლუგარის ცენტრში შეუშვან».
თავად აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ ხსენებული რუსული ქვედანაყოფის რეალური მიზნები ოფიციალურად დეკლარირებულს ემთხვეოდა და რომ ქვედანაყოფმა ოკუპირებული ტერიტორია დიდი ხანია, დატოვა.
“ორი თვის წინ ყირიმიდან ჩამოსულ კოლონაში 13 სპეცავტომანქანა შედიოდა, მათ შორის – აეროზოლური დეზინფექციის მობილური კომპლექსები, ავტოჩამომსხმელი სადგურები АРС-14М და თბომანქანები ТМС-65У. ეს ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, პრეზიდენტის მოვალეობის იმჟამინდელი შემსრულებლის – ვალერი ბგანბას რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვის საფუძველზე თხოვნით, კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში დაგვხმარებოდნენ. აფხაზეთში დროებითი ავტოპარკი და ტექნიკის სპეცდამუშავების პუნქტი მოეწყო. აფხაზ სპეციაისტებთან ერთობლივად სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სტუმრები დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ. მსგავსი დახმარება რუსეთმა იმხანად რიგ ევროპულ ქვეყნებს, მაგალითად იტალიასაც აღმოუჩინა” – აცხადებს ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი როლანდ ჯოჯუა.
გუდაუთაში მდებარე №7 რუსულ სამხედრო ბაზაზე ასევე ირწმუნებიან, რომ აპრილში აფხაზეთში ჩასულმა რუსულმა სპეცკოლონამ მხოლოდ დეკლარირებული მიზნები შეასრულა და ოკუპირებული რეგიონი დატოვა:
«ისინი აფხაზურ ქვედანაყოფებთან ერთობლივად სამუშაოებს აფხაზეთის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურების თხოვნის საფუძველზე ახორციელებდნენ და ამოცანის შესრულებისთანავე აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს. ქართულ მხარეს კი ადრეც არაერთხელ გაუვრცელებია თავის ვებ-გვერდებზე მსგავსი ბრალდებები და ეს წმინდა წყლის “ფეიქებია”.
აი, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე კი თვლის, რომ აფხაზეთში რუსული კოლონის ხსენებული ვიზიტის მიზნები ქართულ–რუსული ურთიერთობების კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე უარესი ვივარაუდოთ, კერძოდ, რუსეთის ფედერაცია გეგმავს:
- ოკუპირებულ რეგიონებში მასობრივი განადგურების შეიარაღების მხრივ საკუთარი შესაძლებლობები გაზარდოს
ან
- ოკუპირებული რეგიონები საქართველოს წინააღმდეგ ახალი ბრალდებების „გამოსაცხობად“ გამოიყენოს.
„ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერ რუსულ სამხედრო აქტივობას ორი მიზანი აქვს: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აღმშენებლობა; ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტება. ეს ვიზიტიც ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ და ისიც გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთში შესაძლოა, სოციალურ–ეკონომიკური განვითარება თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვა მაღალ დონეზე არაა, მაგრამ თავად რეგიონი რუსეთის შეიარაღებული ძალბისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რამდენიმე მიზეზით: პირველია საჰაერო და საზღვარო პოტენციალი (გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზური საზღვაო ინფრასტრუქტურა შეიძლება, ძალიან ეფექტურად იქნას გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის); მეორე – გუდაუთას ავიაბაზა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ფუნქციური ობიექტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში (მას საკმაოდ დიდი ზომის სამხედრო ხომალდების მიღება შეუძლია). გასათვალისწინებელია ეშერის ლაბორატორიაც, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბჭოთა კავშირისთვის და შემდეგ ალბათ, რუსეთისთვის მასობრივი განადგურების იარაღის თემატიკაზე მუშაობის თვალსაზრისით (რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ლაბორატორიაში იწარმოებოდა „მძიმე წყალი“, რომელიც ატომური ბომბის და ბირთვული შეიარაღების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამდენად, რთულია კონკრეტული მიზნის დასახელება, რა უნდოდათ იქ რუს სამხედროებს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ვიზიტი აღნიშნული მიმართულებით სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა“ - აღნიშნავს გობრონიძე.
უსაფრთხოების სპეციალისტი კიდევ ერთ ვერსიას განიხილავს – საქართველოსადმი მორიგი ბრალდებების კამპანიის დაწყებას:
„არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამ ე.წ. ექსპერტებისა და სამხედრო მოსამსახურეების მუშაობის შედეგად „გამოიკვეთოს“, თითქოს ინფექციის აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებას რაიმე ფორმით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უწყობდა ხელს და წამოვიდეს ახალი ბრალდებები“.
გობრონიძის აზრით, ეს ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში საყურადღებოა და საჭიროებს დაკვირვებას როგორც საქართველოს სპეცსამსახურების, ისე მთავრობის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან:
„ეს ჩვეულებრივი ხასიათის შეიარაღებული ბატალიონი არაა. ეს არის ის სამხედრო ნაწილი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობს და აქვს სერიოზული ფუნქციები, მოვალეობები და შესაძლებლობები“.
რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან წარმოებულ მასობრივ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ კამპანიას, გობრონიძე მკითხველს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არსებულ ჩანაწერს შეახსენებს:
„დოკუმენტი პირდაპირ ამბობს, რომ თუ რუსეთის საზღვრებთან რაიმე ტიპის ტერორისტული, ბიოლოგიური, ბირთვული, ქიმიური საფრთხეები ჩნდება, რუსეთი ძალის გამოყენების უფლებას იტოვებს, რომ ამ საფრთხის წყაროს პრევენციული დარტყმა მიაყენოს“.
ექსპერტს სწორად მიაჩნია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოქმედება ღიაობის მიმართულებით და ისიც, რომ იგი რუს სპეციალისტებს ლუგარის ცენტრში ინსპექტირებისთვის საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად იწვევს. ამავდროულად, გობრონიძე იმის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომ საფრთხის შესახებ საერთაშოროსო პარტნიორების ინფორმირება ადეკვატურად ხდებოდეს:
„მეტი დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო პარტნიორების ინფორმირებისთვის არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ რუსული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, არამედ მსგავსი ბრალდებების საფრთხის თაობაზეც. ვფიქრობ, პირდაპირი მიზანია, [კრემლმა] შექმნან ლეგიტიმური საფუძველი ურთიერთობის შემდგომი გართულებისთვის“.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება