
აბდურახმანოვი: „კადიროვს ისეთი რამ არ გაუკეთებია, რისთვისაც კრემლში ეჩხუბებოდნენ“
17/06/2020 15:23:29 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს და გახდა თავდასხმის მსხვერპლიც, დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციაზე კადიროვმა თანხმობა ვლადიმირ პუტინისგან მიიღო. ამის შესახებ ჩეჩენმა ბლოგერმა „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია, ვთქვა: პუტინის სანქციის გარეშე ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. აქ შეიძლება, იყოს პუტინის პირდაპირი ბრძანება, ან უსიტყვო თანხმობა, რაც სავსებით რეალურია. დუმილი თანხმობის ნიშანია. ჩემი აზრით კადიროვს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რისთვისაც კრემლში ეჩხუბებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრემლი საქმის კურსშია. პუტინი გაბუნიას გამონათქვამებით ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა და კადიროვს თავისუფლად მოქმედების ნება მისცა. პუტინი ახლა სულაც არ იქნება კმაყოფილი იმით, რომ კადიროვის გამოგზავნილი კილერი დააკავეს“, - განაცხადა აბდურაჰმანოვმა.
ჩეჩენი ბლოგერი ამჟამად შვედეთს აფარებს თავს, ხოლო მის საქმეზე რუსეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
იხილეთ ასევე: „ვიქცევით ისე, როგორც უთავმოყვარეო სახელმწიფო და უღირსი საზოგადოება“