დოლიძე: "ჯანეზაშვილი სათავეში უდგას კლანის კამპანიას ჩემი იმიჯის დასაზიანებლად"
18/06/2020 13:19:30 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მისი საჯარო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ აქვს.
ინფორმაციისთვის: დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ხალხისთვის” მიმდინარე წლის მაისში დააფუძნა, 18 ივნისს კი ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტარ ლევან კობერიძესთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, როცა მას კანონდარღვევაზე უთითებს, მის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა.
“ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა ჩემთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის – კამპანიას, რომლის მიზანია, დააზიანოს ჩემი იმიჯი. საბჭოში წევრობის პირველივე დღიდად ვაკეთებდი უმწვავეს განცხადებებს, დავდიოდი მანიფესტაციებზე, მიტინგებზე, მივსულვარ პოლიტიკოსებთან, ქალბატონ ნაზისთან ერთად – თუ ეს არის პოლიტიკური საქმიანობა, მე მგონი, მასაც ექმნება პრობლემა.
თუ სამართალზე და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, ერთი ადამიანის ხუშტურით და განმარტებით, რა არის პოლიტიკური საქმიანობა, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ. 2017 წელს ირაკლი კობახიძე იგივე საკითხზე მეკამათებოდა საქართველოს პარლამენტში და ეს პარალელები ძალიან მაფიქრებს. თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე, მე ველოდები გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის, ჩინჩალაძის და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგვიანებით ანა დოლიძემ ტვ “პირველის” ეთერში სტუმრობისას ნაზი ჯანეზაშვილი “ქართულ ოცნებასთან” აფილაციაშიც დაადანაშაულა:
“ნაზი ჯანეზაშვილს მოპოვებული აქვს „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა, როდესაც დაინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”.
ბრალდებას უპასუხა ჯანეზაშვილმა:
„მე არ ვაპირებ ვინმეს წინააღმდეგ სარჩელის დაწერას, მითუმეტეს ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს ანა დოლიძე, როდესაც მე ვთანამშრომლობდი ან ვთანამშრომლობ სასამართლო სისტემის იმ ე.წ. კლანთან რომელსაც დღეს სასამართლო სისტემა აქვს ხელში. ძალიან დიდი სირცხვილია ჩემთვის, როდესაც პასუხების გაცემის ნაცვლად ადამიანი ირჩევს ამ გზას“.
იხილეთ ასევე: ნაზი ჯანეზაშვილი: "ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს"


