
"ივანიშვილთან დაკავშირებულ აბზაცს დოკუმენტის ხელმომწერი კონგრესემენების ნახევარი არ იცნობს და არც იზიარებს"
18/06/2020 14:47:37 საგარეო პოლიტიკა
"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, თითქმის ნახევარ ხელმომწერ კონგრესმენებთან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ ერთის მხრივ არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებას და მეორეს მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ", - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "საელჩომ მათ განუმარტა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა საქართველოში და კონგრესმენებისთვის სრულიად გასაგებია ის წუხილი, რომელიც ამ დოკუმენტმა საქართველოში გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ თავად ეს დოკუმენტია წინააღმდეგობრივია".
„ერთის მხრივ, ის განმარტავს და აჩვენებს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოსა და მის მმართველ გუნდს აქვს აშშ-სთან, ნატოსთან თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში და მეორეს მხრივ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წარმოადგენს იმ ბრალდებას, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათთვისაც უხერხულობის შემქნელი იყო ეს დოკუმენტი და კონკრეტულად ეს ჩანაწერი“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
იხილეთ ასევე: 13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს