
სოხუმი: “თბილისთან თანასწორუფლებიანი დიალოგის შესაძლებლობას ვშორდებით”
23/06/2020 14:04:51 კონფლიქტები
სოხუმი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, მსგავსი დოკუმენტების მომზადება და მიღება “შესაბამისი საკითხების არსობრივი განხილვების გარეშე” ხდება და “რეზოლუცია სახელწოდებით «საქართველოსთან თანამშრომლობა» თითქმის სრულად იმეორებს 2017 წლიდან მიღებულთა შინაარსს”.
«მსგავს წმინდად სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა დეკლარირებული, გამოთქმულია “სერიოზული შეშფოთება” ადამიანის უფლებათა მდგომარეობით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მოყვანილია საზღვრისპირა რეგიონების მაცხოვრებელთა დისკრიმინაციის “ფაქტები”, დაგმობილია “საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი» და ა.შ.», – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფხაზური მხარე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ არაერთგზის მიმართვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინადადებით, რეზოლუციებში წამოწეულ საკითხებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა მისცემოდა, თუმცა “ამ წინადადებებს კვლავინდებურად ჯიუტად იგნორირებენ”.
“როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა საბჭოს არ ესაჭიროება ალტერნატიული ხედვა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემატიკაზე. გაცილებით მნიშვნელოვანია მორიგი რეზოლუციის მიღება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ქართული მხარის ყველა პრეტენზიას. აღშფოთებას იწვევს ისიც, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს სულაც არ აღელვებს საქართველოს მიერ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევა. მსგავსი ფაქტები, რომლებსაც აფხაზური მხარე სისტემატიურად აჟღერებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მსვლელობისას, საბჭოს რატომღაც მუდმივად მხედველობიდან რჩება. მსგავსი შერჩევითი მიდგომა ადამიანის უფლებების პრობლემისადმი მხოლოდ არყევს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტს. საქართველომ და მისმა პარტნიორებმა საერთაშორისო სტრუქტურებში უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიზირებული ცალმხრივი რეზოლუციების მიღება არსობრივად, მხოლოდ ორ მიზანს აღწევს: თბილისის ამბიციებს აკმაყოფილებს და სულ უფრო მეტად გვაშორებს საქართველოსთან თანასწორუფლებიანი დიალოგის შესაძლებლობას», - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში, 43-ე სესიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით «საქართველოსთან თანამშრომლობა». საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღიარებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებით.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართული ნაბიჯების, კერძოდ, სიცოცხლის, ჯანდაცვით სარგებლობის, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თავისუფლებების შელახვის, ასევე უკანონო გატაცებებისა და დაკავებების, დევნილთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებლების მიზანმიმართული ნგრევა-განადგურების გამო.რეზოლუციაში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობადი პროცესის გამო. მასში ხაზგასმულია, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლების მზარდი შეზღუდვის შემდეგ.დოკუმენტში ასევე საუბარია დე ფაქტო საზღვარზე არსებული გადასასვლელების ჩაკეტვის იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამწვავებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლირებული მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.რეზოლუციაში ასევე შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები არ დაიშვებიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არდაქვემდებარებულ ტერიტორიებზე.