მოსამართლე იმერლიშვილი: „შედეგი მოსალოდნელი იყო“
25/06/2020 15:24:48 პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო. როგორც ცნობილია, იმერლიშვილი ახალი თავმჯდომარის მერაბ ტურავას კონკურენტი იყო.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შეცვლის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობდა.
რაც შეეხება ზეწოლას, იმერლიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"ზრდასრული ადამიანები ვართ, ვართ მოსამართლეები და ჩვენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელნი. წარმატებები სასამართლოს, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ აქ ხშირად განსხვავებული აზრი და პოზიცია ფიქსირდება. არ გვაქვს ერთსულოვნება, ეს არის, რითაც ეს სასამართლო განსხვავდება. მე არასდროს მოვექცევი ზეგავლენის ქვეშ, საიდანაც არ უნდა იყოს. არის განსხვავებული პოზიციები ჩემი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებული. იმედი მაქვს ჩემი კოლეგებიც ასე იქცევიან. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, მასა და მის ძმასთან მაკავშირებს ურთიერთობა, ბევრი პერიოდი გამოვიარეთ ერთად. თუმცა, ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. რაიმე ზეწოლაზე მე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
ცნობისთვის: 25 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა.


