თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ბაჩანა შენგელიამ ნეიტრალურობის წესი დაარღვია

26-06-2020 18:00:58 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ბაჩანა შენგელიამ ნეიტრალურობის წესი დაარღვია. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში თემის კომენტირებისას განაცხადა.

“არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიადის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, ეს არის კანონის ჩანაწერი. სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამიტომ დაანებოთ იქნებ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. კოვიდისა და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, იქნება ეს თუ ის, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესი, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება. ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ და ნუ მაფიქრებინებთ, საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. არ მგონია, რომ ეს ფორმატი იმისთვის არის, თქვენ განგახილინოთ იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე. პიროვნულად, როცა ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თქვენ წინაშე წარვდგები, მერე ნებისმიერი კონრეტული ქეისი უფრო მწვავე ტონში ან მშვიდ ტონში შეგვიძლია განვიხილოთ”, - განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

ცნობისთვის: ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკური ნიშნით მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში ადანაშაულებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები