წულუკიანს პარლამენტში იბარებენ: „მინისტრმა მოიტყუა!“

30-06-2020 15:39:17 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ იუსტიციის მინისტრს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში იბარებს. საქმე ბაჩანა შენგელიასთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებას ეხება.

როგორც პარტიაში აფასებენ, შენგელიას მიმართ ღია პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაც რეაგირებას საჭიროებს და მათ დასტურად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ.

„გუშინ სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ შევიტყვეთ, როგორ ახორციელებს ქალბატონი წულუკიანი გამორჩეული ნოტარიუსის ბაჩანა შენგელიას პოლიტიკურ დევნას. შენგელია ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ იბრძოდა სამართლიანობისთვის, რათა დაედგინა ყველა დეტალი, თუ როგორ დევნიდნენ პოლიტიკურად დედამისს ია კერზაიას, რომელიც შემდგომ ამ პოლიტიკურ დევნას შეეწირა.

როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში გასაჯაროებული ფაქტების შედეგად, ქალბატონმა წულუკიანმა ჯერ შეცვალა ნოტარიატის დებულება, სადაც დაამატა დისციპლინარული დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ამის შემდეგ შეუგზავნა ინსპექცია ბაჩანა შენგელიას და ის დააჯარიმა, ფაქტობრივად მას ფუნქციონირება შეუწყვიტა, გამოურთო რა პროგრამა და შემდეგ დაიწყო დისციპლინარული წარმოება. თურმე, არ მოეწონა ბაჩანა შენგელიას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტი.

პრაქტიკულად, იგივე გზა გაიმეორა, რასაც ეს ხელისუფლება, ბატონი გახარიათი დაწყებული, განათლების მინისტრით დამთავრებული, 2018 წელს ახორციელებდა შენგელიას დედის წინააღმდეგ.ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭირო არის რეაგირება.

როცა ჩვენ წულუკიანს კითხვა დავუსვით პარლამენტში, მან მოიტყუა, რომ ბაჩანა შენგელიას დევნა განპირობებული იყო იმით, რომ მას საგანგებო პირობების წესები ჰქონდა დარღვეული. შემდეგ აღმოჩნდა, მის მიერვე გაგზავნილი ინსპექციის დასკვნაში წერია, რომ საგანგებო პირობები ბოლომდე არის დაკმაყოფილებული. ანუ, სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

თავად შენგელიაც აცხადებს, რომ ხელისუფლება მას იუსტიციის მინისტრის დახმარებით პოლიტიკურად დევნის:

„მიმაჩნია, რომ ეს ცენზურის მცდელობაა. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ დაიწყო 2018 წლის დეკემბერში და დასრულდა დედაჩემის გარდაცვალებით. წელიწადნახევარი უშედეგოდ ვცდილობ, რომ ეს საქმე გამოიძიონ. ეს არის იმ კამპანიის გაგრძელებას პირადად ჩემს მიმართ და მიზნად ისახავს უკვე ჩემს მიმართ ამ პროფესიიდან ჩამოშორებას. პირადად მე მებრძვის სამინისტრო და მინისტრი და ხელისუფლება ამ სამინისტროს სახით. არ მჯერა, რომ ეს პირადად წულუკიანის მიერ დაწყებული კამპანიაა“.

შენგელიას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კითხვები გაუჩინა „სამართლიანი არჩევნებს“. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე აცხადებს, ეს მოვლენები შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ია კერზაიას საქმესთან, რომლის განხილვაც სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარეობს.

„ეს ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიმართულია უშუალოდ ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და პოლიტიკურად არის მოტივირებული: ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ მოხდა მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება, მათ შორის კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა დებულებაში ნოტარიუსთა დისციპლინალური პასუხისმგებლობის შესახებ, ზუსტად ერთი თვის წინ და ზუსტად ეს ნორმა იქნა გამოყენებული ბატონი ბაჩანას წინააღმდეგ და ეჭვები არის, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს, მისი დედის, ია კერზაიას საქმესთან და სტრასბურგში წარდგენილ მის საქმესთან“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ კი დასმული კითხვები „შოუს დადგმის მცდელობად“ შეაფასა.

„ქალბატონი თეა დაახლოებით ოთხი დღის წინ იმყოფებოდა პარლამენტის პლენარულ სესიაზე და თუ ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, შეეძლო, დაესვა. ჩვენთვის არახალია მინისტრების მოსვლა პარლამენტში, მათ შორის, ქალბატონი თეა დაახლოებით, სამი თვის წინ იყო ადამიანის უფლებების კომიტეტში. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ვხედავ, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოროტად იყენებს იმ უფლებამოსილებას, რომელიც მათ რეგლამენტით აქვთ მინიჭებული. რა თქმა უნდა, ის თემა, რომელიც უკავშირდება ბატონ შენგელიას, მასზე დისციპლინური მოკვლევაა დაწყებული და ეს საქმე დასრულდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენი რადიკალური ოპოზიცია თანდათან უფრო რადიკალური ხდება და ცდილობენ, რომ საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ შოუების დადგმისთვის".

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები