
1 ივლისიდან ევროკავშირი საზღვარს 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს უხსნის
30/06/2020 14:27:04 საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე 1 ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. სია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. 14 ქვეყანას შორის არის საქართველოც.
როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.
იმ ქვეყნების სრული სია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.
ევროკავშირის საბჭო რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რომ აღნიშნული ქვეყნებისთვის საზღვრები გახსნას.
შეთანხმებულ სიაში ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.
სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო, თუმცა დღეს, 30 ივნისს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 508 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 416 000–ს გადააჭარბა, 5 670 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 928 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, მათგან 794 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.