გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

02-07-2020 20:29:07 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. საქმის მასალების მიხედვით, 25 ივნისს მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ ნაპირის დათვალიერებისას შავი ფერის წინდები და ფეხსაცმლის საფენებია ნაპოვნი. ამოღებული ნივთები ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, იმის დასადგენად არის თუ არა მათზე სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა, ასევე დენთის კვალი.

10-ტომიან საქმეში უკვე არის იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ფიგურანტი ფოტოგრაფის აპარატზე ჩატარდა. ფოტოაპარატის შესწავლის აუცილებლობა გამოძიებამ დაასაბუთა იმით, რომ იაკობ ბრეგვაძე გამოძიებასთან სათანადოდ არ თანამშრომლობდა და გაჩნდა სამხილების განადგურების ეჭვი.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას, - რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ეს პატაკი შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ეკუთვნის, რომელიც მან 22 ივნისს დაწერა.

ექსპერტიზის შედეგად შსს-მ მეხსიერების ბარათიდან 1700 წაშლილი გრაფიკული ფაილი აღადგინა, თუმცა არის თუ არა მათ შორის ტრაგიკული ღამის მტკიცებულებები უცნობია.

"ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა", - წერია საქმეში.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პირებიდან არც ერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

იხილეთ ასევე: რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები