Accentnews.ge
„საგანგაშო სიგნალები“, „საშინელი განაჩენი!“ – ოპოზიციაში აშშ–ის კონგრესის მოთხოვნას აფასებენ

„საგანგაშო სიგნალები“, „საშინელი განაჩენი!“ – ოპოზიციაში აშშ–ის კონგრესის მოთხოვნას აფასებენ

07/07/2020 08:49:03 პოლიტიკა

საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომლის თანახმად შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის დახმარების 15%–ს იქამდე არ გასცემს, სანამ ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი გაფრთხილებაზე მეტია, რაც ხელისუფლების არაკომპეტენტური განცხადებებით და ნაბიჯებით ძალითაა გამოწვეული:

„გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე. წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, რთულია. თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, რადგან ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას. თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის დაიწყო საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს, არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სხვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

მისივე თქმით, საქართველო–აშშ–ის 30-წლიანი ურთიერთობების მანძილზე, მიუხედავად კრიტიკისა, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე – დახმარებას დასავლეთიდან, დახმარებას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან.

30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ამერიკის კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს, როდესაც ორივე პარტიის – „რესპუბლიკური პარტიის“ და „დემოკრატიული პარტიის“ მხარდაჭერით აწესებს, უკვე შეიძლება, ითქვას, სანქციას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცენდენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ივანიშვილმა, შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე“,– განაცხადა სამადაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი გადაწყვეტილებას „საშინელ განაჩენად “ აფასებს.

„დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე - ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი - ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, პარტნიორებისგან საგანგაშო სიგნალები მოდის:

„საერთაშორისო ასპარაზზე, ასეთი გაჭირვების დროს, იმის ნაცვლად, რომ ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან და დამატებით დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ, შევარდნაძის ეპოქაში როცა იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი, იმდენად ღრმა არის უკვე შეშფოთება ივანიშვილის ნაბიჯებით, რომელსაც დგამს ის ჩვენს ქვეყნაში.

შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველა ვითარებაში ჩვენს უსაფრთოხებას და დემოკრატიას ეხმარებოდა. ოღონდ როცა ხედავენ, თუნდაც ქართველი ხალხის ნების გამო მათთვის საკვანძო ქვეყანა და მისი მთავრობა ჩიხში შედის, ფუნდამენტალურად უპირისპირდება იმ პრინციპებსა და პრაგამატულ ინტერესებს, რომელიც ჩვენს მეგობარს აქვს, მაშინ ხდება ასეთი რაღაცები.

პირველი შემთხვევა არ არის „ფრონტერა“, იქამდე შემთხვევების წყება იყო, „ფილიპ მორისით“ დაწყებული, როცა სკანდელები მოყვა ამას და რაღაცებში მთავრობამ უკან დაიხია, რადგან ზეწოლის მიმართ არ არიან სრულიად იმუნურები. აქამდე რომ არის მისული საქმე, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს მთავრობისგან ინვესტორების დაცვა სჭირდება, ანუ შიგნით გვყავს მოთამაშე მთავარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ურტყამს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციის შეფასებას არ იზიარებენ „ქართულ ოცნებაში“.

„ეს არის ტყუილი და სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. არაფერი კონგრესს არ გაუყინავს და არანაირი ცვლილებები კონგრესს არ მიუღია. ამის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს არის არაპროფესიონალიზმი და უნარი, ვერ წაიკითხო, რა ინფორმაცია მოდის აშშ-დან. ან მეორე - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა", - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი კახა კუჭავა.

ანალოგიური პოზიცია აქვს მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრ გია ვოლსკისაც:

„რაც შეეხება კონგრესის კანონპროექტს. ოპოზიცია აღიქვამს ამას გამარჯვებად, ეს არის სიცრუე. როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ როგორმე NATO-სთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენ ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შემცირდეს.

ფრონტერას ხელწერაც იგრძნობა. ფორნტერასა და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ ფრონტერა ამ შემთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზე საუბარი არ არის. მითუმეტეს 'ოპეკი', სახელმწიფო დაწესებულება, საკმაოდ სერიოზულ მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს“,-აცხადებს გია ვოლსკი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ინიცირებული კანონპროექტი “არის ცალკეული ინიციატივა” და ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის ტოლობის დასმა არასწორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S