გახარიამ შაქარაშვილის საქმეზე გააკეთა კომენტარი

10-07-2020 10:53:34 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ გამოძიება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ყველა კითხვას გასცემს პასუხს, ხოლო საქმის პოლიტიზირება ამორალურია.

"მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. ეს კითხვები არ არის ისეთი, რომ სანამ ეს ტრაგედია ცხელია, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ გამოძიებას. სპეკულირება ამ საქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ამორალურია. პირველი მთავარი ამოცანაა, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. თუ გამოძიების პროცესში ჩართულმა ვინმემ, სამართალდამცველმა ჩაიდინა კანონდარღვევა ამისთვის არსებობს პროკურატურა. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი", - განაცხადა პრემიერმა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

იხილეთ ასევე: შაქარაშვილის საქმე: კითხვები სამი მიმართულებით

ახალი ამბები

სხვა სიახლეები