შაქარაშვილის საქმე: კითხვები სამი მიმართულებით

09-07-2020 17:46:46 ადამიანი და კანონი ,კომენტარი

16 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მდინარე არაგვში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, მაგრამ პასუხი მთავარ კითხვაზე, რამ განაპირობა ახალგაზრდის გარდაცვალება, არაა და სადღეისოდ არც სამართლებრივადაა შეფასებული. ზოგადად საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის უშუალოდ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი დადასტურებული არაა. ყოველ შემთხვევაში, ეს მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებში არ ფიგურირებს: გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აწარმოებს. 16 დღეში კი მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე მათ გამოძიებამ გასცა პასუხი. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელს ედუარდ მარიკაშვილს კითხვები სამი მიმართულებით გაუჩნდა:

  • გამოძიების ეფექტურობა;
  • მტკიცებულებების შესაძლო გაყალბება–განადგურება;
  • საქმეში გარკვეული ინტერესების შესაძლო არსებობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებს ლეგიტიმაციას ქვეყანაში არსებული განწყობები აძლევს და ამაში თავად სამართალდამცავ ორგანოებს მიუძღვით დიდი წვლილი. ამ კუთხით შესაძლოა, პარალელი დავით სარალიძის საქმესთან გავავლოთ, სადაც ვნახეთ რომ თავად გამოძიებამ „გააფუჭა“ საქმე. სხვა საქმეებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც სამართალდამცველების მხრიდან იყო იმგვარი ჩარევა, რაც შემდეგ ადეკვატური გადაწყვეტილების დადგომის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ამის პარალელურად კი ჩვენ არც რეფორმები გვინახავს და არც დასჯილი პოლიციელები. ამგვარად, ხსენებულ კითხვებს ლეგიტიმაციას თავად ხელისუფლება აძლევს“,– ამბობს მარიკაშვილი.

მისი დაკვირვებით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოწმეთა მიერ შეცვლილი ჩვენებები:

„აქ ჩნდება განცდა, რომ გამომძიებლები არა მოწმეთა მიერ მიღებული ჩვენებიდან მიჰყვებიან საგამოძიებო ხაზს, არამედ თავად აქვთ დადგენილი წინასწარი ვერსია, რომელიც უკვე შემოგვთავაზეს და შემდეგ მოწმეთა ჩვენებებს მას არგებენ. სხვა შემთხვევაში, რთულია გააზრება, რატომ უნდა აძლევდნენ სამართალდამცავი ორგანოები მოწმეებს შესაძლებლობას დამატებითი კითხვებით, ესა თუ ის ჩვენება შეცვალონ“.

იხილეთ ასევე: რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

მისივე შეფასებით, თუ საქმე გარდაცვალებასთან ან მკვლელობასთან გვაქვს, დრო, სწრაფი მოქმედება ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა საქმის გასახსნელად, ხოლო ყოველი მომდევნო დღე, შეცვლილი ჩვენება, განადგურებული მტკიცებულება გამოძიებას რეალურ სურათს აშორებს:

„ყოველი მომდევნო დღე, ყოველი შეცვლილი ჩვენება, გადამწვარი ადგილი, არადროული რეაგირება, ართულებს საქმის გახსნას და აღრმავებს ეჭვებს, რომ რაღაც ხდება. ეფექტურობა გულისხმობს იმგვარ პირველად ნაბიჯებსა და ღონისძიებებს, რომ შემდგომ სხვა ღონისძიებებმა კი არ გააფუჭოს მიღწეული შედეგი, – გაამყაროს. თუკი მოწმეებს საშუალებას მისცემ, დასხდნენ, შეთანხმდნენ და ა.შ. ყოველი დღე რეალობის ფარგლებს დაგაშორებს“.

იურისტისთვის კითხვებს აჩენს არაგვის ხიდებთან იმ ადგილის გადაწვა, სადაც საქმის ერთ–ერთი მოწმე იმალებოდა და ამ ფაქტმა ბევრისთვის დავით სარალიძის საქმეში შემთხვევის ადგილის – ფარდულის განადგურება მოაგონა:

იხილეთ ასევე: „ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია“

„რაღა მსგავს საქმეებს ემთხვევა ხოლმე, რომ ვიღაცამ ამხელა ტერიტორიაზე მაინც და მაინც ის ადგილი გადაწვა, რომელიც საქმესთან შესაძლოა, კავშირში იყოს?!“

იხილეთ ასევე: შსს–მ 9 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი შემთხვევით დაიწვა

იურისტისთვის გაუგებარია, ობიექტური გამოძიების წარმოების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო რატომ არ სცემს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხს, მათ შორის მედიით გავრცელებულ დოკუმენტებსა და ვიდეოებთან დაკავშირებით, რაც აჩენს განცდას, რომ გამოძიება მედიას მიჰყვება და არა პირიქით და რას ემსახურებოდა ორი დღის წინ ბრიფინგზე 112–ში განხორციელებული ზარის ჩანაწერის განსაჯაროება, რომელიც იურისტისთვის სისტემურ არაეფექტურობაზე უფრო მიუთითებს:

იხილეთ ასევე: შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს

ადვოკატი ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმეში 112-ის მეორე ჩანაწერი 30 ივნისით თარიღდება

„თუ ჩავთვლით, რომ ჩანაწერი [ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112–ში განხორციელებული ზარის] ავთენტურია, გამოჩნდა ძალიან სუსტი პირველადი რეაგირება: გეუბნებიან, რომ 10 კაცი ჩხუბობს და ერთი ეკიპაჟი მიდის, არც სასწრაფო, არც სახანძრო, მიდიხარ და არაფერს აკეთებ, უბრალოდ ადამიანი მიგყავს – არაეფეტურობაა“.

იურისტს რჩება შთაბეჭდილება, რომ შსს საზოგადოებისთვის უკვე შეთავაზებული ვერსიის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობს და ის ამ კონტექსტში განიხილავს საქმის ფარგლებში 17 პირის დაკავებასაც:

„საგამოძიებო ორგანოები გვაწვდიან მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ ვერსიას გაამყარებს და ქმნიან საზოგადოებრივ განწყობებს ამ ვერსიების ირგვლივ. 17 პირის დაკავებაც ერთის მხრივ, დანაშაულზე თითქოს ეფექტური რეაგირებაა, მეორეს მხრივ – თითოს სურთ, ამ დაკავებაში ჩაკარგონ საკითხი, რომელიც გარდაცვლილს ეხება. დაკავებულთა ძირითადი ნაწილი ძალადობისთვისაა დაკავებული და არა მძიმე ან განსაკურებით მძიმე დანაშაულისთვის და ყველასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის განსაზღვრაც, ერთგვარი სინდრომია, რომ ეს არა რეალურად მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ საზოგადოების რეაქციაზე პასუხია“.

იურისტისთვის ასევე ყურადსაღებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმის ფიგურანტებს შესაძლოა, მმართველი გუნდის რიგ წევრებთან, თუ გავლენიან პირებთან ჰქონდეთ კავშირი:

იხილეთ ასევე: "ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია, იგი ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის"

„თუკი ეს ვერსიები დადასტურდება, ისმის კითხვა, რა ვალი აქვთ ასეთი, რომ ფაქტობრივად მათ მიერ გარკვეულ ქმედებების გასუფთავება ხდება და რატომ ხდება ხოლმე, რომ ამდენი კითხვა სწორედ იმ საქმეებში ჩნდება, სადაც ეს ადამიანები ფიგურირებენ?!“.

მისი დაკვირვებით, შიში, რომ შაქარაშვილის ეპიზოდში მთავარი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს, რეალურია:

იხილეთ ასევე: შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ექსპერტი ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებზე საუბრობს

„შეცვლილი ჩვენებები მოწმეთა სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამასთან, საკვანძო საკითხზე თითქოს ნაკლებად ხდება საგამოძიებო უწყებებისგან რეაგირება და თუ გუშინდელ ღამეს არ ჩავთვლით, როდესაც პირები დაიბარეს დაკითხვაზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება იმ ვერსიის გამყარებას ცდილობს, რომელიც უკვე შემოგვთავზა“.

იურისტი ფიქრობს, რომ სადღეისოდ სამართალდამცავი ორგანოები მედიასა და საზოგადოებასთან ინფორმაციული ბრძოლით არიან დაკავებულები, საზოგადოების მიზანი და უფლება კი ისაა, იცოდეს, სახელმწიფო როგორ რეაგირებს დანაშაულზე, რათა შემდეგომ მისდამი საკუთარი დამოკიდებულება განსაზღვროს:

„პროკურატურა დღეში ერთხელ მაინც უნდა აწვდიდეს საზოგადოებას ინფორმაციას საქმის ირგვლივ, რეალურად კი საზოგადოების კითხვების მოგერიებითაა დაკავებული. მთელი ეს ფონი ქმნის განცდას, რომ საქმეში რაღაც ხდება, მას რაღაც ხარვეზები აქვს, რომელზეც ამომწურავი პასუხების გაცემა არ სურთ. და სანამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები არ იქნება, ყველა კითხვას აქვს ლეგიტიმაცია და მედიას თუ საზოგადოებას ვერავინ დაადანაშაულებს განწყობების შექმნასა თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობის გაღვივების მცდელობაში.

საზოგადოების მიზანია, ეს საქმე ძველ გამოცდილებას არ დაემსგავსოს. მან უნდა იცოდეს, როგორ რეაგირებს სახელმწიფო დანაშაულზე!“.

ინფორმაციისთვის: 9 ივლისს ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას შეცდომით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადასცეს. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები