საქართველოს მთავრობიდან პოლონელი დეპუტატის კრიტიკას უპასუხეს

10-07-2020 11:41:14 პოლიტიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმაზე, რომ საქართველომ საზღვარი პოლონეთს არ გაუხსნა, არავითარი უკმაყოფლება არ არის.

„კარგი იქნება, გაეცნოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგულაციებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპამ გაგვიხსნა საზღვრები ვნახეთ, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ საზღვრები დათქმებით გაგვიხსნა. ზოგიერთმა მათგანმა საზღვარი გაგვიხსნა მხოლოდ აუცილებელი ვიზიტისთვის, რაც ნიშნავს სამკურნალო, ან განათლების მიღების მიზნით ადამიანების ჩასვლას. მხოლოდ ამ მიზნით შეუძლია ჩავიდეს ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ. ძალიან ბევრმა ქვეყანამ გახსნა მხოლოდ კარანტინის პირობით. შესაბამისად, თვითონ ამ ქვეყნების მხრიდან დაწესებული რეგულაციებიც ითვალისწინებს მათ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მათ ხედვას ამ ვითარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლონეთს, მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. პოლონეთს დღეს საზღვრები გახსნილი აქვს უკრაინასთან, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, 500-1000 შემთხვევაზე მეტი. პოლონეთში, სამწუხაროდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია. პოლონეთი კი არის მზად რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, რთულდება ვითარება იმ ქვეყნებში, რომლებსაც საზღვრები გახსნილი აქვთ.

იხილეთ ასევე: პოლონელი დეპუტატი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები