
"სამხრეთ ოსეთი ისედაც დიდი ხანია, რუსეთის მიკრორაიონია" - ბიბილოვი პრილეპინის იდეას "ორივე ხელით" უჭერს მხარს
14/07/2020 20:30:30 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ორივე ხელით" უჭერს მხარს რუსული პარტიის "სიმართლისთვის" ინიციატივას ყოფილი სსრკ-ის სივრცეში არსებული არაღიაღებული და ნაწილობრივ აღიარებული ე.წ. რესპუბლიკებისა და მათთან ერთად ბელარუსის "რუსეთთან სასწრაფოდ მიერთების აუცილებლობის" თაობაზე.
«მე გაგებით ვეკიდები ზახარ პრილეპინის [პარტიის “სიმართლისთვის” ლიდერის – რედ.] ინიციატივას, ეს ადამიანი რუსული სახელმწიფოს ნამდვილი პატრიოტია. ჩვენც – ოსებიც რუსეთის პატრიოტები ვართ, რადგან ყოველთვის ვთვლიდით მას ჩვენს ისტორიულ სამშობლოდ. 1774 წელს ხომ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ღმერთს მადლობას ვეტყოდი, თუ პრილეპინის ინიციატივას რეალური ქმედებები მოჰყვებოდა. ორივე ხელით ვუჭერ მხარს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას», – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ოსურ სააგენტო «Рес»-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთი ჯერ კიდევ 1989 წლიდან ადგას რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოელ ძმებთან გაერთიანების გზას და მეტიც, ამისკენ სწრაფვა ხალხმა ორ რეფერენდუმზეც დაადასტურა, ჯერ – რომ დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, სანამ ის არსებობდა, მერე – რომ ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში".
"ჩვენ ვიბრძოდით საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის, ხოლო სწრაფვა ოსი ხალხისა ყოველთვის იყო მიმართული რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსების გაერთიანებისკენ. გარდა ამისა, სწორედ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, როგორც ჩემი საარჩევნო პროგრამის პლატფორმას დაუჭირა ხალხმა თავის დროზე მხარი პრეზიდენტის არჩევნებზე. მადლობა ზახარ პრილეპინს ოსი ხალხის სწრაფვის გაგებისთვის», – დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
თუმცა რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო თვლის, რომ ბიბილოვის ოპტიმიზმი სერიოზულ საფუძველსაა მოკლებული, რადგან ის, რაც ბ-ნმა პრილეპინმა მისი პარტიის საარჩევნო პროგრამაში ჩადო, მხოლოდ მისი კერძო ინიციატივაა:
"ვფიქრობ, ეს პრილეპინის პირადი ინიციატივაა, ერთგვარი თამაში, საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მცდელობა – როგორც მწერალს ხომ მას დიდად არავინ იცნობს… თანაც, ამას ინიციატივასაც კი ვერ დაარქმევ – ეს პარტიული პროგრამაა და მეტი არაფერი".
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, პრილეპინი მსგავსი ინიციატივებით კრემლთან შეუთანხმებლად გამოსულიყო, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ "კრემლს რამდენიმე კოშკი აქვს და რომელი რას ფიქრობს, ძნელი სათქმელია, თუმცა კონკრეტული გვარ-სახელებით რომ ვიმსჯელოთ, კრემლის ირგვლივ მოტრიალე ოლიგარქატს ეს წესით, არაფერში უნდა სჭირდებოდეს":
“ძნელად წარმოსადგენია, ვის შეიძლება, დასჭირდეს სადღეისოდ მსგავსი რამ, რაც რუსეთისთვის საერთო ეროვნულ დონეზე წამგებიანი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც ვიცით, რომ სამწუხაროდ, იქ [კრემლში] ადამიანები ხშირად გონებით კი არა, ემოციით მოქმედებენ, ან იმ მიზნით, რომ “მეფეს” თავი მოაწონონ”.
მალაშენკო არ გამორიცხავს, რომ 1990-იანი წლების მსგავსად, მოსკოვურმა და ადგილობრივმა – აფხაზურმა ან ოსურმა ელიტებმა რამეზე მოილაპარაკონ, თუმცა ამ მიმართულებით რეალური მოქმედების დაწყება, მისი აზრით, წამგებიანი იქნება არა მარტო რუსეთისთვის, არამედ თავად დე ფაქტო რესპუბლიკების ხელმძღვანელებისთვისაც:
"რა თქმა უნდა, მოსკოვსა და იქ – ადგილებზე გარკვეული ელიტების შეთანხმება შესაძლებელია დღესაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყოველი მეორე აფხაზი პოლიტიკოსია, სამხრეთ ოსეთი კი საერთოდაც, დიდი ხანია, რუსეთის მიკრორაიონია, თანაც არცთუ დიდი... მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობის 75%-მა მხარი დაუჭირა რუსეთთან მიერთებას, ამ რესპუბლიკების მთელი ხელმძღვანელობა რუსეთის კანონებს დაექვემდებარება. არადა, ერთია, იყო მოსკოვის ფავორიტი ადგილზე და სულ სხვა რამ - რუს ძალოვანებთან იქონიო საქმე უკვე მათ დაქვემდებარებულის ხარისხში. ასე, რომ ვინმეს იქ შესაძლოა, თეორიულად ამის სურვილი ჰქონდეს კიდეც, თუმცა ეს პერსონალურად მათთვისაც სარისკოა”.
მალაშენკოს აზრით, თავად რუსეთს პრილეპინის ინიციატივების განხორციელება არათუ არაფერს მისცემს, მხოლოდ პრობლემებს მოუტანს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონოიკური კუთხით:
"პირადად ჩემი აზრით, რუსეთს ეს სულაც არ სჭირდება – ეს მხოლოდ უამრავ დამატებით პრობლემას მოუტანს და გარდა ამისა, უკაცრავად, მაგრამ ფედერაციის ახალი სუბიექტების რჩენა კიდევ უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლა – რეალურადაც ასე იქნება და ბოლო დროს ისედაც უკიდურესად უკმაყოფილო რუსული საზოგადოებაც ასე ჩათვლის – "თავად გვიჭირს თავის რჩენა და თქვენ კიდევ ვიღაცას გვიმატებთო?!... ამასთანავე, რა დამოკიდებულება ექნება მსოფიოს ამის შემდეგ რუსეთის მიმართ? - ყირიმის მაგალითზე ეს უკვე ვიცით… თან ვინ უნდა აღიაროს ისინი რუსეთის ნაწილად?! შედეგად მივიღებთ ისევ ორ რუქას: ერთს - ნორმალურს, საყოველთაოდ აღიარებულს, მეორეს კი – ჩვენს პირადს”.
ყველაფერთან ერთად, პოლიტოლოგს ტექნიკურადაც კი ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, ეს ინიციატივები რეალურად განხორციელდეს:
"[პრილეპინი] რეფერენდუმებს რომ ახსენებს, წამითაც ვერ წარმოვიდგენ, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი: ამის ჩასატარებლად ხომ ფულია საჭირო, თანაც არცთუ მცირე! გარდა ამისა, აუცილებელია კრემლის მკაფიო ხედვა, - სჭირდება მას ეს, თუ არა, ჯერ-ჯერობით კი ეს მხოლოდ ბავშვური თამაშის დონეზეა".
რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ "სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები რუსი ხალხისგან მიღებული საჩუქრებით წავიდნენ" და რომ "სსრკ-დან გასვლის შესახებ კანონი ნელი მოქმედების ნაღმი იყო", მალაშენკოს აზრით, "ეს იდეოლოგიაა, თუმცა სადღეისოდ მაინც ერთგვარი თამაში".
თუმცა პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ "[რუსეთში] მოქმედი სისტემის პირობებში დღეს ყველაფერს ირწმუნებს ადამიანი":
"თავად “მეფეს” რა აქვს გონებაში? - იმედი მაქვს, მიუხედავად ყველაფერ იმისა, რასაც პუტინი ბოლო დროს ამბობს, ამ მიმართულებით რეალური მოქმედების დაწყების სურვილი არ აქვს".
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება