
თბილისთან დიალოგი და სავაჭრო თანამშრომლობა აფხაზეთში ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვის თემა ხდება
15/07/2020 17:30:59 კონფლიქტები
ახალი ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ეპიდემიები, ისევე, როგორც სხვადასხვა სტიქიები, კაცობრიობას ყოველთვის მოულოდნელად ატყდება თავს და მათი სრულ მზადყოფნაში დახვედრა შეუძლებელია. ეს, განურჩევლად ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობისა და სტატუსისა, ყველგან ერთნაირადაა ცნობილი, თანაც უკვე მრავალი საუკუნეა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს მაქსიმალურად შესაძლებელი მუდმივი მზადყოფნისკენ უბიძგებდეს, მმართველი ძალების მიერ ყოველ ჯერზე მხოლოდ მოუმზადებლობის გასამართლებელ არგუმენტად გამოიყენება. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ კრიზისების დროს ოპოზიციები, საერთო ეროვნული საფრთხის დაძლევაზე კონცენტრირებისა და ამ მიზნით პოლიტიკური ამბიციების დროებით გვერდზე გადადების ნაცვლად, მომენტით სარგებლობასა და მმართველ ძალებთან ბრძოლის გააქტიურებას ცდილობენ, თანაც როგორც საფუძვლიანი, ისე ხშირად უსაფუძვლო ბრალებებით. შედეგად ცაიტნოტურ რეჟიმში მოქმედი მმართველი ძალა კიდევ უფრო იბნევა, პრობლემები არათუ არ წყდება, მხოლოდ მატულობს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსახლეობის დამხმარე კი არც ერთი მხრიდან ჩანს, არც მეორედან. ვინც კრიზისს გადაურჩება, იგივე სურათს იხილავს შემდგომი კრიზისის დროსაც და ასე – დაუსრულებლად… სწორედ ამას ვადევნებთ დღეს თვალს, მაგალითად, აფხაზეთში, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში წარმოქმნილ ფაქტობრივ ეკონომიკურ კოლაფსს დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში სულ ცოტა ხნის წინ მოსულ ძალასთან როგორც შიდა, ისე, როგორც ჩანს, გარე (კრემლის ერთ-ერთ კოშკურაში მოკალათებული ძალის) პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურებაც დაემატა.
თითქმის ორი კვირაა, აფხაზეთში “რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის რევიზიის მცდელობების“ თემაზე მწვავე დისკუსიები არ ცხრება. ეს საფრთხე ერთდროულად ორი მიმართულებიდან განჭვრიტეს: ერთის მხრივ, “სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთიდან, ხოლო მეორეს მხრივ – ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის – ასლან ბჟანიას გუნდისა და თბილისის “ტანდემიდან”.
პირველ შემთხვევაში შფოთვის მიზეზად მხოლოდ მარტში დაფუძნებული, ნაკლებად ცნობილი რუსული პოლიტიკური პარტიის ოდიოზური ლიდერის – პრილეპინის ინიციატივა იქცა პოსტსაბჭოთა სივრცის არაღიარებული თუ ნაწილობრივ აღიარებული ე.წ. რესპუბლიკებისა და მათთან ერთად ბელარუსის “რუსეთთან სასწრაფოდ მიერთების აუცილებლობის” თაობაზე, რამაც აფხაზური საზოგადოება უკიდურესად შეურაცხყო და აღაშფოთა. ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ძალამ, ასევე სოცქსელების რიგითმა აფხაზმა მომხმარებლებმა. განცხადებები გაავრცელეს დე ფაქტო პარლამენტმა და საგარეო პოლიტიკურმა უწყებამაც. უშუალოდ ასლან ბჟანიამ ოფიციალური გამოხმაურებისგან მართალია, თავი შეიკავა, თუმცა საკმაოდ ხისტი განცხადებები გაავრცელეს მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა («აფხაზეთის სახალხო ფრონტმა», «ამცახარამ» და სხვ.). აი, წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა კი (მაგალითად, მოძრაობა “არუაამ”) პრილეპინის ინიციატივა შედარებით რბილი ფორმით დაგმეს, კერძოდ, გამოვიდნენ ინიციატივით აფხაზეთში მისი და მსგავსი იდეების მქონე სხვა რუსი პოლიტიკოსების სოხუმში მიწვევის შესახებ მათთვის “აფხაზეთის ისტორიისა და სხვა რეალიების მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით ასახსნელად”.
მეორე შემთხვევაში მღელვარება თავად ახლადარჩეულ “პრეზიდენტ” ბჟანიას განცხადებებმა გამოიწვია თბილისთან შესაძლო დიალოგისა და სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობისა და საბაჟო კუთხით შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე. კერძოდ, 3 ივლისს ბჟანიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან “აფხაზეთის აღიარებას არ ითხოვს, მაგრამ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას შექმნიდა»; რომ მისთვის “გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი ეს შეთანხმება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია” და რომ “როგორც კი ეს პუნქტი რეალიზდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზაობის შესახებ განცხადებები მას მანამდეც - ჯერ კიდევ დე ფაქტო პრეზიდენტობის პირველ დღეებში გაუკეთებია. მაშინ ბჟანიას ნათქვამმა თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, აფხაზური საზოგადოების ნაწილში კი – შფოთვა და შემდგომში ახლადარჩეულ ლიდერს რამდენჯერმე მოუწია საკუთარი მოსაზრებების განმარტება. 3 ივლისის პრეს-კონფერენციაზე ბჟანიას განსხვავებული ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს, თუმცა წინა – რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებისა და ამჟამინდელის მოწინააღმდეგეებისთვის თბილისთან დიალოგი/თანამშრომლობა “მსუყე” თემაა ბჟანიას გუნდისთვის დიდი ჩრდილის მისაყენებლად - და ბოლო დღეებში ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ.
“ბოლო პერიოდში მომსწრენი ვართ მცდელობების, ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, რევიზიას დაუქვემდებარონ, ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის ზრდას და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და უსაფრთხოებას. ყოველგვარი საუბრები საქართველოსთან ლეგალურ ვაჭრობაზე “კონტრაბანდის აღმოფხვრის” მოტივით უსაფუძვლოა – კონტრაბანდასთან ბრძოლა ისედაც არის შესაძლებელი, თანაც საქართველო არანაირ ტვირთებს არ განაბაჟებს.... აფხაზეთში არც საქონლის დეფიციტი არსებობს - ყველაფერი აუცილებელი რუსეთიდან, ან ზღვით სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ბჟანია და მისი გუნდი კი ამ პირობებში ფაქტობრივად, თანხმობას აცხადებენ, მიიღონ თბილისის ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც “აღიარების გარეშე ჩართულობას” ითვალისწინებს! ნებისმიერ ოფიციალურ ვაჭრობას მტრულ სახელმწიფოსთან, რომელიც არ გვაღიარებს და არ გვიფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას, განვიხილავთ მოღალატეობრივ დათმობად, რომელიც საქართველოს სავაჭრო ექსპანსიისა და შედეგად ჩვენი სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისად იქცევა, – ამას დამოუკიდებელი ექსპერტებიც ადასტურებენ. დღემდე მოქმედი შესაბამისი აკრძალვების ნებისმიერი სახის შესუსტება შეფასდება საფრთხედ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის! ასევე შეუძლებელია საუბარი პირდაპირ მოლაპარაკებებზე საქართველოსთან, რომელიც არა მარტო არ გვაღიარებს, არამედ აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს… აფხაზ ხალხს უფლება აქვს, მიიღოს მკაფიო პასუხი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების გეგმების შესახებ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და საკუთრივ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში”- ნათქვამია წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი “არუაას” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
რომელი “დამოუკიდებელი ექსპერტების” რა კონკრეტულ არგუმენტებს ეყრდნობოდა ხსენებული ოპოზიციური ძალა ამ განცხადებაში, მასში დაზუსტებული არ არის.
საქმეში ჩაერთო მედიაც, მაგალითად, რაულ ხაჯიმბას და მისი გუნდის მხარდამჭერად ცნობილი ჟურნალისტი იზიდა ჭანია. მისი მასალა აფხაზური საზოგადოებისადმი შემდეგ გზავნილებს შეიცავს: 1) რუსული ფინანსური დახმარება აფხაზეთში მმართველი ძალის შეცვლის გამო შეწყდა და ბჟანიას გუნდის პირობებში მის ლოდინს აზრი არ აქვს; 2) “მსოფლიოს პოლიტიკური მოწყობის კარდინალური შეცვლის გამო” რუსეთს აფხაზეთის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნია და, შესაბამისად, მიუხედავად “სტრატეგიული პარტნიორობისა”, კრიზისში მიტოვებული აფხაზები მოსკოვს არ უნდა უნაწყენდებოდნენ; 3) რუსეთი უალტერნატივო პარტნიორია; 4) ბჟანიას გუნდი უმაქნისია, კრიზისიდან გამოსვლის არანაირი ხედვა თუ გათვლილი გეგმა არ გააჩნია; 5) ბჟანიას მიერ თბილისთან თანამშრომლობისგან პოზიტიური “ფეიქ-მოლოდინების” შექმნა მხოლოდ სატყუარაა და ამ “ფანდზე” წამოგების შემთხვევაში “აფხაზებს ძალზე ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ - შესაძლოა, არა მარტო ფულით”.
“მას შემდეგ, რაც ჩვენთვის დაპირებული “ოქროს წვიმა”, რომელიც “რჩეულს” - ასლან ბჟანიას მოსკოვიდან რატომღაც უნდა გადმოსხმოდა თავზე, არათუ არ წამოვიდა, წვეთიც კი არ დაეცა, პრეზიდენტმა უპატიებელი შეცდომების დაშვება დაიწყო: ხან პუტინს იწვევს აფხაზეთში ძეგლის გახსნაზე, ხან საქართველოსთან რაღაც თანამშრომლობის შესახებ გვესაუბრება... თუ ეს შანტაჟია, მაშინ ძალიან არაშორსმჭვრეტელური. ჩვენ დამოკიდებულები ვართ რუსეთზე თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულმა სამხედრო ბაზებმა აფხაზეთში ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მრავალწლიანი ტერორისტული ომი შეაჩერა. […] არავითარი თუნდაც ეკონომიკური დასაბუთება იმისა, რატომ არის უფრო სასარგებლო საქონლის მიღება საქართველოდან, რომელიც აფხაზეთს არ აღიარებს, ვიდრე რუსეთიდან, რომელმაც პირველმა გვაღიარა, საპრეზიდენტო პარტიისგან არ მოგვისმენია. ქართული საქონლისთვის აფხაზეთის საზღვრის გახსნა – ეს მორიგი აფერაა, რომელზეც სოხუმსა და თბილისში მყოფი გარკვეული წრეები აპირებენ ხელის მოთბობას. დარწმუნებული ვარ, ამ აფერის რეალიზების შემთხვევაში საზღაურის გადახდა კვლავ აფხაზეთის მოსახლეობას მოუწევს და არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ფულით”.
ამასთან, ჭანია ავითარებს აზრს, რომ “ამჟამინდელ პრეზიდენტს ძალიან გაუმართლა” და აფხაზეთის მართვა უწევს ისეთ “კომფორტულ” პირობებში, როგორიც არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია, მაგრამ ამ შესაძლებლობის აფხაზეთის სასიკეთოდ გამოყენების ნაცვლად, იგი დაკავებულია “ქვეყნისთვის საზიანო და საშიში პროექტების ლობირებით”:
“ძველი ოპოზიცია კვდომის პროცესშია, ახალი ჯერ არ მომძლავრებულა, შესაბამისად, არავინ მოითხოვს არჩევნების შედეგების ანულირებას, პოლიტიკური ოპონენტების გენერალურ პროკურორებად ან მოსამართლეებად დანიშნვას, არავინ მართავს მიტინგებს პრეზიდენტის ან პრემიერის გადადგომის მოთხოვნით. თავად საზოგადოებაც გადაიღალა მუდმივი რყევებით და მზადაა ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ – დახმარებითა და რჩევით […]. მაშასადამე, ძალზე შესაფერისი დროა, ეს უნიკალური შანსი გამოიყენონ და მშვიდად იმუშავონ კანონმდებლობაზე, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაზე, ჩინოსნების აპარატის შემცირებაზე, თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერებაზე, კონტროლის სისტემის შემოღებაზე, რეფორმებსა და ბევრ სხვაზე, იმის მაგივრად, რომ დევნიდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს [აფხაზეთში კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეები უკვე რამდენიმე ყოფილი ჩინოსნის წინააღმდეგ არის აღძრული – რედ.] და ლობირებდნენ სახელმწიფოსთვის დამღუპველ პროექტებს”.
იმაზე, თუ რატომ შეწყდა რუსეთის დახმარება ბჟანიას მოსვლისთანავე, “მსოფლიოს პოლიტიკური მოწყობის” რა “კარდინალურმა შეცვლამ” მოუხსნა “სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთს აფხაზეთის დახმარების ვალდებულება, თანაც ესოდენ კრიზისულ მომენტში, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი ის, რასაც ჭანია დღეს – პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის “კომფორტულ” პირობებში ბჟანიას გუნდისგან ერთბაშად მოითხოვს, წინა დე ფაქტო ხელისუფლებებმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში და კონკრეტულად რით არის თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის ინიციატივა აფხაზეთისთვის “დამღუპველი ფანდი”, ჟურნალისტი არაფერს ამბობს….
თავად ასლან ბჟანიას მის მიმართ ამ მწვავე კრიტიკისთვის ჯერ არ უპასუხია. თუმცა განცხადება გაავრცელა პროსახელისუფლებო პარტია «ამცახარამ». მან შეახსენა ყოფილ "სახელისულფებო" პარტიას, რომ “საქართველოსთან ურთიერთობების საკითხი დღის წესრიგში აფხაზი ხალხის სამამულო ომის დასრულებისთანავე დადგა” და რომ ამის საჭიროებასა და “ხელისშემშლელ ძალებზე” ჯერ კიდევ პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა საუბრობდა. ამასთან, “ამცახარამ” მიანიშნა იმაზე, რომ ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს "პირადი ინტერესი აქვთ კონტრაბანდული ბრუნვის შენარჩუნებაში და პოპულისტური განცხადებებით სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობენ":
«შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული ადამიანები ქმნიან გარკვეულ ვაკუუმს ჩვენი ურთიერთობებისათვის. მჯერა, რომ საქართველოც და აფხაზეთიც ნორმალურად განვითარდებიან და დადგება მომენტი, როცა გაბედულად და მშვიდად შევძლებთ, ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ. მინდა, მჯეროდეს ამის, რადგან აფხაზებს ქართველები მტრებად არასოდეს განუხილავთ» - აცხადებდა ვლადისლავ არძინბა. პარტია “არუაა” კი დღეს ჩვეული პოპულისტური განცხადებებით რეალური პრობლემებისა და მდგომარეობისგან ყურადღების გადატანას ცდილობს. დარწმუნებულები ვართ, ამ პარტიის წევრებსაც ესმით, რომ მეზობლებთან საზღვრების გახსნა და ლეგალური სავაჭრო ურთიერთობების დაწყება – ეს გარღვევა იქნება ეკონომიკაში; სახელმწიფო ვერ იქნება დამოუკიდებელი განვითარებული ეკონომიკის, აღჭურვილი ჯარის, სოციალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობის გარეშე, მასშტაბური კორუფციისა და ტოტალური უმუშევრობის პირობებში. საქართველოსთან საზღვრის გახსნისა და ვაჭრობის შეუძლებლობაზე საუბრისას “არუაა” თვალთმაქცობს და შესაძლოა, ცდილობს, სწრაფად აქციოს საკუთარი ბიზნესი პოლიტიკად. ვისთვის, თუ არა მისთვისაა ცნობილი, რომ უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს უკანონო ეკონომიკური საქმიანობა – კონტრაბანდა მდინარე ენგურის კვეთით აფხაზეთის ტერიტორიაზე. სრულიად შესაძლებელია, ეს ვითარება აწყობდეთ მათ, ვინც უკანონო გამდიდრების ერთპიროვნული უფლებით სარგებლობს. მსგავსი ადამიანებისთვის კანონები და მორალის ნორმები მნიშვნელობას კარგავს, მით უფრო, როცა საუბარია პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მცდელობებზე. გვესმის, რომ დღეს, როცა მოქმედმა ხელისუფლებამ აქტიური ბრძოლა დაიწყო კორუფციის, კონტრაბანდის, სახელმწიფო საკუთრების მითვისებისა და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ, მათ ბევრი რამის ეშინიათ, თუმცა დადგა პასუხისგების დრო».
უფრო რბილი, მაგრამ ბჟანიას ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა პარტია “ერთიანმა აფხაზეთმაც”:
«არუაას” მსგავსად, ჩვენც ვთვლით, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის საკითხი რევიზიას ვერ დაექვემდებარება და ამას ყველა ჩვენი მეზობელი უნდა აცნობიერებდეს. მიგვაჩნია, რომ უნდა განვაგრძოთ ძალისხმევა საქართველოს მხრიდან ომის შედეგების აღიარების მოსაპოვებლად. თუმცა რეალობის იგნორირება დაუშვებელია, ამ რეალობაში კი ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური კავშირების არარსებობის პირობებში გააჩნია დე-ფაქტო კავშირები საქართველოსთან. არის ენგურჰესი, რომელიც ფაქტობრივად, ორი ქვეყნის მმართველობაშია. არის ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები… ამ ვითარებაში აუცილებელია, მოიძებნოს აფხაზური სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მისაღები ურთიერთობების ფორმულა. ვითარების იგნორირებას და აკრძალვების მეთოდებით მოქმედებას კარგი არაფერი მოაქვს. გვაოცებს “არუააელების” მტკიცება, რომ საქართველოსთან არსებული სავაჭრო ბრუნვის ლეგალიზება – ეს თბილისისთვის დათმობა იქნება. პირიქით, საბაჟოების აღმართვა ფაქტობრივად, სრულფასოვანი საზღვრის დადგენაა […] მთლიანობაშიც, ვთვლით, რომ დიდი ხანია, დადგა აფხაზური სახელმწიფოს სამომავლო განვითარებაზე საუბრის დრო და თუ უახლოეს ხანებში ძირითადი პოლიტიკური ძალები ყველანი ერთად არ მივაღწევთ კონსენსუსს იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს აფხაზური სახელმწიფო ХХI საუკუნეში, ჩვენ ის შეიძლება, საერთოდ დავკარგოთ. და აქ აუცილებელია საგნობრივი საუბარი და არა ამწუთიერი პოლიტიკური ბრძოლის დეტალებზე “დახურდავება”. ყველას, მათ შორის “არუაას” მსგავსი ფართო განხილვების დაწყებისკენ მოვუწოდებთ”.
14 ივლისს ბჟანიას გუნდის საგარეო პოლიტიკური ხედვა უკვე ოფიციალურ დონეზე - დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით განიმარტა:
“ამჟამად აფხაზეთის რესპუბლიკას არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა საერთაშორისო არენაზე ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ არ ვართ წარმოდგენილები მსვილ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვები. ერთადერთ მოქმედ საერთაშორისო ფორმატად, რომლის მუშაობაშიც აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება. ძირითად ამოცანას ჟენევის ფორმატისა, რომლის მიმართაც არაერთ აფხაზ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, წარმოადგენს “კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიება აფხაზეთისა და საქართველოს რესპუბლიკებს შორის ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საერთაშორისო გარანტიებით გასაფორმებლად. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა №1 ამოცანაა და სწორედ ამ პოსტულატით ვხელმძღვანელობთ. ნაკლებ სავარაუდოა, ამ მარტივ ჭეშმარიტებებს მტკიცება სჭირდებოდეს ჩვენი სახელმწიფოს შიგნით. სწორედ ის, რომ საქართველოსთან ამგვარი შეთანხმების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების გარანტიებით გაფორმება ამ ისტორიულ ეტაპზე აფხაზური საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანაა, ასახა პრეზიდენტმა 3 ივლისის პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის პოლიტიკური სტატუსი განმტკიცებულია კონსტიტუციით და გადახედვას არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება. ამასთანავე, ჩვენ ვემხრობით ღიაობისა და სრულფასოვანი თანასწორუფლოებიანი ურთიერთობების შენების პრინციპებს ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან, რომელიც ამ პრინციპბეს იზიარებს და პატივს სცემს აფხაზეთის სუვერენიტეტს. პრეზიდენტი აპირებს, მომავალშიც მტკიცედ დაიცვას ეს პრინციპები ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დასაცავად”.
ფაქტია, რომ ამჟამინდელი კრიზისი ბევრ თითქოსდა შეუძლებელს რეალობად აქცევს. მაგალითად, თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის იდეას, რომლის საჯაროდ გაჟღერებას სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ცალკეული პირებიც კი ძნელად თუ გაბედავდნენ, ახლა უკვე ფართოდ განიხილავენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკური ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებაც.
“ჩემი აზრით, ის შიდა აფხაზური პოლიტიკური "პინგ-პონგი", რომელსაც ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს, ჩვეული თამაშია, რეალურად კი, ყველას ესმის, რომ სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგს არ დავამყარებთ, სანამ არ დავიწყებთ სახელმწიფოს შენებას, რეალური სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ საკითხში ნამდვილ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე საუბარი არ შეგვეძლება. ვფიქრობ, ეს ხალხსაც ესმის, ჩვენს პოლიტიკოსებსაც და ამ უკანასკნელებს თავადაც მობეზრდათ წლიდან წლამდე ერთი და იგივე. რუსეთსაც, როგორც ჩანს, უკვე საგრძნობლად მობეზრდა მუდმივად ჩვენი კვება. ალბათ, ისიც იმედოვნებს, რომ თავად მოვახერხებთ მისი ტრანშების გარეშე რამეს და დავიწყებთ განვითარებას” – აცხადებს ამასთან დაკავშირებით აფხაზეთში მოღვაწე პოლიტოლოგი ალხას ტხაგუშევი .
ამ ახალ რეალობაში ბევრი რამ ალბათ, თბილისის სწორ, კარგად გათვლილ, გააზრებულ მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება