
15 წლის ლუკას ძმა – მეუფეს: "მოუწოდოს ჩოლოიანს, დაასახელოს საქმეში ჩართული პოლიციელები"
19/07/2020 18:41:26 სამართალი
გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმისთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადება, რომ მოზარდის სულისთვის ვეღარ ილოცებენ, თუ თვითმკვლელობა დადასტურდა.
ბექა სირაძის თქმით, უმჯობესია, მეუფე ნიკოლზომა ამ საქმეზე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანს ბრალის აღიარება ურჩიოს და საქმის სხვა ფიგურანტებიც დაასახელოს.
„მარიანა ჩოლოიანი მარტო არ ყოფილა იმ საქმეში. შეუძლია, მარიანა ჩოლოიანს დაელაპარაკოს და მოუწოდოს დაასახელოს ის დანარჩენი პოლიციელები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ საქმეში ჩართულნი. უკეთესი იქნება, მივიდეს პოლიციის განყოფილებაში, დაელაპარაკოს იმ ადამიანებს და ჯოხი მარიანა ჩოლოიანზე არ გადატეხონ და მისცენ აღიარებითი ჩვენება“, - აცხადებს სირაძის ძმა "ფორმულასთან".
ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა, სადაც ჟურნალისტები მიიწვია.
ის ამბობს, რომ თუ მოზარდის თვითმკვლელობა ოფიციალურად დადასტურდება, მიცვალებულის სულისთვის ვეღარ ილოცებენ.
იხილეთ: მეუფე ნიკოლოზი – 15 წლის ლუკა სირაძეზე: „თუ თვითმკვლელობა დადასტურდა, ლოცვას ვერ გავაგრძელებთ“
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდმა სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. იგი გასული წლის 17 დეკმებერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
იხილეთ ასევე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...