
ექსპერტი “ შეუძლებელია, ზედაპირუსი ტრავმული დაზიანებები აღმოჩენილიყო: გვამური პროცესი შორს იყო წასული“
23/07/2020 13:32:48 სამართალი
„სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთების ან სხვა ტიპის ტრავმული დაზიანებების სახით შეუძლებელია ყოფილიყო აღმოჩენილი მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვამური მოვლენების გამო“,– აცხადებს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტი მარიამ ჯიშკარიან, რომელიც 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩაერთო.
მისი თქმით, „სხვა მხრივ ხილული ტრავმული დაზიანებები, მაგალითად ძვლების მოტეხილობა, ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა სახის ჭრილობები, ცხედარს არ აღენიშნებოდა".
„ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენდგენოსკოპიული კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი: ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება. ენდოსკოპიური და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლენილა. ცეცხლნასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი. გამოვლინდა შორსწასული, მოგვიანებითი გვამური მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორსწასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა“,– , - განაცხადა ჯიშკარიანმა ცხედრის გარეგანი დათვალიერების შედეგებზე საუბრისას.
მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.
„რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ კი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
იხილეთ ასევე: შსს–ში განმარტავენ, რატომ დასჭირდა ხუთი დღე თამარ ბაჩალიაშვილის პოვნას
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მოზარდმა მწყემსმა 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ადვოკატის თანახმად, ახალგაზრდა ქალი ავტომანქანის უკანა სავარძელზე ესვენა.