რაზე ისაუბრეს პომპეომ და გახარიამ – აცდენილი აქცენტები
28/07/2020 08:53:07 პოლიტიკა
27 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თუ საუბრის შესახებ ქართული და ამერიკული მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს შევაჯერებთ, საუბარი მრავალ მნიშვნელოვან თემას შეეხო, თუმცა აქცენტები ერთმანეთისგან აცილებულია.
კერძოდ, აღნიშნული საუბრის შესახებ მაიკ პომპეო სოციალურ ქსელში წერს:
"პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ”.
საუბრის შესახებ რელიზი გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომელშიც მათ შორის არჩევნებთან ერთად მართლმსაჯულების საკითხებზეც არის აქცენტი გაკეთებული. განცხადებაში ვკითხულობთ: „სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით განხორციელების აუცილებლობას. სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უცხოური ინევსტიციების მოსაზიდად და მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე გააფრთხილა [...]“.
საუბრის შესახებ მთავრობის პრეს–ცენტრის მიერ გავრცელებულ რელიზში მართლმსაჯულების ნაწილზე არაა საუბარი, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი კი ზოგადი სახითაა შემოთავაზებული: „სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რომლის აქცენტებიც მთავრობის ადმინისტრაციის რელიზისას მიჰყვება. თუმცა რელიზისგან განსხვავებით, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ პრემიერმა გახარიამ პომპეოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აღუთქვა. ზალკალიანისა და მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არსადაა საუბარი გაფრთხილებაზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას ეხება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არაა საუბარი საქართველოს წარმატების შესახებ Covid-19-თან ბრძოლის პროცესში, რასაც ზალკალიანისა და მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებებში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დამობილი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ გახარიასთან სატელეფონო საუბრისას „საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა და Covid-19-თან გამკლავების საქმეში ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის საკითხი" განიხილა.
აქცენტების თანხვედრა ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის ნაწილში.


