კელი დეგნანი: „ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის შესაძლებლობაა“
28/07/2020 14:11:38 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. ამის შესახებ დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი აქვთ.
„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს, რაც გვაქვს კიდეც სხვადასხვა არხის საშუალებით.
რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს. ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
იხილეთ ასევე: რაზე ისაუბრეს პომპეომ და გახარიამ – აცდენილი აქცენტები


