Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ის გავრცელების კუთხით ვითარება უარესდება, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა

აფხაზეთში COVID-19-ის გავრცელების კუთხით ვითარება უარესდება, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა

29/07/2020 10:13:04 კონფლიქტები

აფხაზეთში, სადაც 5 კვირის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 37-ზე იყო “გაყინული” და ახალი ფაქტები არ ფიქსირდებოდა, ბოლო დღეებში შიდა გადაცემის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეში თითქმის გაორმაგდა.

ეს ამბავი 22 ივლისს დაიწყო. იმ დღეს მხოლოდ 2 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, თუმცა მათი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, რაც აფხაზეთისთვის “ახალი ხილი” იყო.

სპეციალისტებმა დაიწყეს ახლადნფიცირებულთა კონტაქტების კვლევა, ტესტირება 22 ივლისიდან ჯამში 300 მოქალაქეს ჩაუტარეს. მათაგნ 25-ს ვირუსი დაუდასტურდა და შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ერთბაშად 63-მდე გაიზარდა.

ბოლო რამდენიმე დღის ოფიციალური მონაცემები ასე გამოიყურება: 25 ივლისს ჩატარებული 69 ტესტირებიდან – 3 დადებითი შედეგი, 26 ივლისს - 115-დან – 7, 27 ივლისს - 70-დან 2, 28 ივლისს - 72-დან 6. ბოლო დღე-ღამის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ბოლო დღეებშივე დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალების მეორე შემთხვევა. თუმცა როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში ირწმუნებიან, ტესტირების პასუხი, რომელიც ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ იქნა მიღებული, უარყოფითი აღმოჩნდა და შესაბამისად, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა.

თუ თავდაპირველად აფხაზეთში ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან იყო “იმპორტირებული”, 22 ივლისიდან დაწყებული, თითქმის ყველა შიდა კერას უკავშირდება.

ახლადინფიცირებულებს შორისაა “პარლამენტის” ვიცე-სპიკერი ლევონ გალუსტიანიც. რომელიც ბოლო დღეებში საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ორ ხალხმრავალ შეხვედრას ესწრებოდა და შესაბამისად, პირთა საკმაოდ ფართო წრესთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო შემდგომში ამ პირებს – მოქალაქეთა ასევე ფართო წრესთან.

ამ ფაქტმა პანიკა გამოიწვია ჯერ “პარლამენტში”, ხოლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ – მოსახლეობაშიც. სოცქსელებში ვრცელდება ინფორმაცია “უკვე ასობით ინფიცირებულის” შესახებ.

“აქცენტის” წყაროს ცნობით, ამჟამად დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას ცდილობს, თუმცა რაიმე მწყობრი, ორგანიზებული ნაბიჯები საკარანტინო შეზღუდვების მიმართულებით ამ ეტაპზე არ ჩანს.

აფხაზეთში შიშობენ, რომ შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობისა და გამოცდილების არქონის პირობებში ინფექციის ახალ აფეთქებასთან გამკლავება გაუჭირდებათ. მეორეს მხრივ, რუსული ფინანსური დახმარების ბოლოდროინდელი შეწყვეტისა და კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გამო ტურისტული სეზონის ჩავარდნის პირობებში სოციალური უკმაყოფილება იზრდება, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები და ზოგადად მეწარმეები უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამენ და “ხელისუფლებისგან” კრიზისის დასაძლევად რეალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

ამ ფონზე “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ გუშინ რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნა კვლავ გადადო, ამჯერად – 4 აგვისტომდე. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში “რესპუბლიკაში” მყოფმა “როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლებმა აფხაზეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება “მთლიანობაში დამაკმაყოფილებლად და სტაბილურად” შეაფასეს.

27 ივლისს მოსკოვში დაბრუნებულებს, გუშინ მათ ეს დასკვნა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვასთვის უნდა წარედგინათ და “საზღვრის” გახსნის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაჭრილიყო. თუმცა მოსკოვი ჯერ-ჯერობით დუმს.

აფხაზეთის მოსახლეობა კი აგრძელებს დავას იმაზე, უფულობის რისკია უფრო წონადი, თუ ინფექციის ფართოდ გავრცელების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S