სამადაშვილი – ვაშაძეზე: "მიშას ჩინურ ვერსიას აწვება"

31-07-2020 17:58:36 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ეხმიანება.

"მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახლებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო.

მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე, ერთად, დიდი ხანია არ მსმენია", - წერს სამადაშვილი Facebook-ში, პირად გვერდზე.

მანამდე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.

„ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და, ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა:"2018 წელს შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო?!"

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს.

გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის აპირებს ბრძოლას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები