«სტრატეგიული დახმარების» ხელი - ამბავი იმისა, როგორ მოუწყო რუსეთმა აფხაზ პენსიონერებს ეპიდაფეთქების დროს ბუნებრივი გადარჩევა

05-08-2020 14:40:52 კონფლიქტები

აფხაზეთში მორიგი სკანდალი მწიფდება. ამჯერად მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი რუსეთის საპენსიო ფონდის პოლიტიკაა, რომელსაც რესპუბლიკაში ყველა ბარბაროსულად მოიხსენიებს. საქმის არსი, ერთი შეხედვით, თითქოს სრულიად რესპექტაბელურია — რუსეთს სურს, დაიბრუნოს უკანონოდ მითვისებული მისი ფინანსები. მაგრამ აი, მეთოდი, რომელსაც იგი ამ მიზნის მისაღწევად იყენებს, უნიკალურია.

აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მწვავე ფაზაში, როცა კოვიდ-ცენტრი გადავსებულია და საუბარია ათობით ინფიცირებულზე, რუსეთის საპენსიო ფონდმა აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის პენსიების გაცემის წესები გაამკაცრა. რუსულმა სტრუქტურამ მოსთხოვა აფხაზურ ხელმძღვანელობას, პლასტიკური ბარათები გაეუქმებინა და საბანკო სალაროებიდან თანხების ნაღდი ფულით გაცემის სისტემა დაებრუნებინა (რომლითაც მსოფლიოში მგონი, აღარავინ სარგებლობს). ამიერიდან პენსიონერები, რომლებიც ინფიცირების მხრივ რისკ-ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე არიან, კუთვნილი რუბლების მისაღებად ბანკში პირადად უნდა მივიდნენ და გრძელ რიგებში დადგნენ. და როგორც ყველას გვესმის, პანდემიის პერიოდში ესოდენ აუცილებელ სოციალურ დისტანცირებაზე, დამცავ მექანიზმებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე აქ საუბარიც ზედმეტია.

პანდემიის პერიოდში, როცა ხანდაზმულებს თვითიზოლაცია ესაჭიროებათ, რათა მთელი მსოფლიოს მომაკვდინებელი სენისგან არ დაიღუპონ, რუსულ საპენსიო ფონდს ისინი ქუჩაში ძალით გაჰყავს. მსგავსი მოქმედება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რუსული სტრუქტურის მრავალმილიონიანიან ფინანსურ დანაკარგებში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, სხვა ვერანაირად შეფასდება, თუ არა აფხაზეთზე ზეწოლად, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი მოსახლეობის შემცირების მცდელობად - მოსახლეობისა, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ესოდენ რადიკალური ზომების მიზეზად რუსეთის საპენსიო ფონდის «დაჟინებული რეკომენდაცია» იქცა, პენსიონერები საპენსიო თანხის ბარათებზე დარიცხვიდან ხელში მიღების სისტემაზე გადაეყვანათ. არსებობს 16 მლნ რუბლის ოდენობის დავალიანება და რუსეთის საპენსიო ფონდმა, როგორც ამ თანხების მთავარმა განმკარგავმა, მოითხოვა, ამიერიდან აფხაზეთში მცხოვრებმა პენსიონერებმა პენსია არა ბანკომატებიდან, არამედ საბანკო განყოფილებების სალაროებიდან პირადად, პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით აიღონ.

«ყველა — ვიმეორებ, ერთბაშად ყველა ანგარიშის ელექტრონულიდან ქაღალდისაზე გადაყვანა უცილობლად გამოიწვევს შეფერხებებს, გაურკვევლობას, ჭყლეტასა და რესპუბლიკაში არსებული ისედაც არაჯანსაღი სოციალურ-პოლიტიკური ფონის კიდევ უფრო გაუარესებას», - თვლის აფხაზი საზოგადო მოღვაწე ასტამურ კაკალია. სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» თავის გვერდზე მან ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერა ვითარება, რომელშიც აფხაზ პენსიონერებს რუსული პენსიის მიღება მოუწევთ.

«პლასტიკურ ბარათებზე გადასვლის შემდეგ, სადღაც 2016-ში, «სბერბანკის» ყველა განყოფილებაში შტატები მასობრივად შეამცირეს. მანამდე — შემცირებამდეც პენსიონერები გრძელ და ხანგრძლივ რიგებში იდგნენ სალარომდე მისაღწევად. როდესაც 15 ოპერაციონისტი 6 ათას საპენსიო ანგარიშს ემსახურებოდა და ამ ვითარებაშიც რიგები იყო, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გაიზრდება რიგები, როცა ოპერაციონისტების რაოდენობა 5-მდეა შემცირებული», - ამბობს ასტამურ კაკალია.

რუსეთს რომ მართლაც აღელვებდეს აფხაზეთის მოსახლეობის ან თუნდაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების სიცოცხლე, მსგავსი დრაკონული მეთოდებით არ იმოქმედებდა, - თვლიან ექსპერტები.

ასტამურ კაკალიას აზრით, «უსაფრთხო და გონივრული (მათ შორის — ფინანსური თვალსაზრისით) იქნებოდა პენსიონერთა გარდაცვალების შემთხვევების შესახებ შეტყობინების უფრო ქმედითი სისტემის, კონტროლისა და აღრიცხვის უფრო მოქნილი მექანიზმის ორგანიზება და არა პლასტიკური ბარათებიდან ქაღალდის ანგარიშზე გადაყვანა (ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად მაინც)».

«თუ ხიჭვი შეგერჭოთ და თითი დაგიჩირქდათ, ჭრილობა უნდა დაიმუშავოთ და ხელის ამპუტაცია საჭირო არ არის», - ამბობს კაკალია. რუსეთი კი, როგორც ჩანს, სწორედ მოკვეთას ცდილობს, მაგრამ არა ხელის, არამედ 30 ათასზე მეტი ხანდაზმულის.

აურზაური რუსული საპენსიო თანხების მიტაცებასთან დაკავშირებით ორი თვის წინ დაიწყო. მაგრამ რუსეთი გადამწყვეტ ზომებზე რატომღაც მხოლოდ ახლა — აფხაზეთში კოვიდ-აფეთქების პერიოდში გადავიდა. მაგალითად, იგივე სამხრეთ ოსეთში (სადაც მოსახლეობისთვის რუსული პენსია ზოგადად ზუსტად იგივე პრინციპებით გაიცემა, როგორც აფხაზეთში) მეგობარსა და სატრატეგიულ პარტნიორს ანალოგიური ზომები არ მიუღია. მეტიც, მან თავის ქვეყანაშიც კი ამ დრომდე ვერ დაამყარა აღნიშნულ საკითხში წესრიგი: რუსეთის საპენსიო ფონდი ყოველწლიურად აკეთებს მოხსენებებს არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების მიერ ასობით მილიონი რუბლის მითვისების შესახებ.

აფხაზეთი კი, რომელსაც (საკუთარი ძალებით) შვიდმილიანი ნაბიჯებით მოჰყავდა თავისი საბანკო სისტემა რაღაც შესაბამისობაში მაინც ცივილიზებული ქვეყნების სისტემებთან, კვლავ უკან — არცთუ სახარბიელო წარსულში «ჩაგორდა». და ეს — იმ სტრატეგიული პარტნიორის წყალობით, რომელთანაც აფხაზეთს, უკაცრავად, ორი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და დახმარებისა და ურთიერთპატივისცემის შესახებ რამდენიმე ათეული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თუ ამას ჰქვია დახმარება, ისმის კითხვა – ასეთი მეგობრების პირობებში ჰყავს კი აფხაზეთს მტრები?!

სადღეისოდ რუსეთის საპენსიო ფონდში აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები და რუსული პენსიის მიმღები რუსეთის 30 719 მოქალაქე ირიცხება. მკაცრი საპენსიო სანქციების შემოღების შემდეგ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, შემცირდება. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს არ არის მთავარი მიზანი დიდი მეზობლისა, რომელმაც ბოლო დროს მის მიერვე აღიარებული სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულება ესოდენ ამაზრზენად შეიცვალა.

ასტანდა ბგანბა

_________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_________________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები